გვანცა წულაია
(14.03.2018)

თბილისის მერია "სითი პარკთან" დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. კალაძის თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა. კონტრაქტის გაუქმების შემდეგ "სითი პარკის" ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

"სითი პარკში" დედაქალაქის მერიის მიღებულ გადაწყვეტილებას არაკეთილსინდისიერსა და არაპროფესიონალურ ნაბიჯს უწოდებენ. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ განაცხადა, ამის შესახებ კალაძის სატელევიზიო გამოსვლით შეიტყვეს.

"მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისთვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის - საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის, როგორც უცხოელი ბიზნესინვესტორის უფლებებს. სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე - ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის," - ამბობს ტაბიძე.

"სითი პარკთან" კონტრაქტის გაუქმება იმოქმედებს თუ არა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): რატომ შეიძლება იმოქმედოს ქვეყნების ურთიერთობაზე, თუკი რაიმეა დარღვეული და თუკი ქართული მხარე დოკუმენტურად და კანონების მიხედვით დაუმტკიცებს ამას ან შეცდომებს? როგორ, "სითი პარკზე" მაღლა არ დგას სხვა სახელმწიფო ფასეულობები ამ ორ ქვეყანას შორის?

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): ვერ წარმომიდგენია. თუ რომელიღაც კერძო კომპანიასთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ არ იმუშავა და რაღაც პუნქტები დაირღვა, ყველაზე მეტი სამართლებრივი დავის მოწმენი გავხდით. თუ უჩივლებენ თბილისის მერიას, შეიძლება იყოს სასამართლო, თორემ ქვეყნებს შორის ურთიერთობა "სითი პარკმა" თუ დაძაბა, მაშინ არ გვქონია ურთიერთობა. ეჭვი მეპარება, ჩვენს დიდხნიან მეგობრობას "სითი პარკთან" გაუქმებული ხელშეკრულება სერიოზული საფრთხით დაემუქროს.

 

 ლელა ოჩიაური კინომცოდნე): ალბათ იმოქმედებს, რადგან ნებისმიერი ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც ხელს უშლის ბიზნესს მცირედი ნამცეცითაც კი, შესაძლებელია, ხელისშემშლელი იყოს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ურთიერთობები დავამყაროთ და პირიქით ხელს ვუშლით, რა თქმა უნდა, ეს აისხება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რადგან ბიზნესი და კულტურა არის ორი დამაკავშირებელი საშუალება ნებისმიერ ქვეყანასთან, მით უმეტეს ისეთთან, როგორიც ისრაელია.

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): ვინც ეს თქვა, ძალიან მოკლე მეხსიერება ჰქონია. თუ ერთი მომხვეჭელი კომპანიის გაუქმება ისრაელს საქართველოზე გაანაწყენებს, მაშინ მე, რევაზ მიშველაძეს, უფრო მეტი საბუთი მაქვს, რომ გავნაწყენდე ისრაელზე, რადგანაც ცოტა ხნის წინათ სწორედ ისრაელში - პალესტინის მონასტერში, ისრაელის დაცვის სამსახურის მოდუნებული ყურადღების გამო, შოთა რუსთაველის ფრესკას თვალები დათხარეს. რაც შეეხება "სითი პარკს", თავი მოაბეზრა საქართველოს მოქალაქეებს. ეს აშკარად გამომძალველი, ყაჩაღური ფირმაა, რომელიც მოიპარავდა მანაქანას და არსად არ ტოვებდა კვალს. მეც გავხდი ერთხელ მსხვერპლი ასეთი მანქანის ქურდულად მოტაცებისა და გული კინაღამ გამისკდა. ეს იყო არაცივილიზებული ხერხი ფულის შოვნისა და თბილისელი ისედაც გაღლეტილი მძღოლების ძარვისა. ამიტომ, მივესალმები კალაძის ამ ერთ-ერთ უპირველეს, ყველაზე გაბედულ გადაწყვეტილებას და აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი.

ჩაწერა სახელი