გვანცა წულაია
(10.03.2018)

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. რუსეთის ხელისუფლების მისამართით პრემიერის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ "შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც".

"მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში. გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი. მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ, ფაქტობრივად, ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა. ამჟამად ჩვენ წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობის გამოსაყვანად.

"ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ, მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა. მზად ვართ, ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც.

"სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის. მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ აფასებთ საქართველოს პრემიერის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ეს აბსოლუტურად ამაო მცდელობაა, რადგან რუსეთი არასდროს არ დაუშვებს უშუალო დიალოგს ჩვენსა და აფხაზეთს შორის. ამიტომ მგონი, ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, პიარის თვალსაზრისით და არ მგონია, რაიმე შედეგის მომტანი იყოს.

"თუ არა და დაველოდოთ, რუსეთისგან რა პასუხი იქნება. რუსეთი ძალიან ოსტატურად შედგენილ ტყუილს მოგვწერს."

 

 ლელა ოჩიაური(კინომცოდნე): "რუსეთი ჩვენი მოკავშირე არასდროს ყოფილა და მასთან რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლა, მიმაჩნია, უშედეგოა და ძალიან დიდი შეცდომაა."

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე(ისტორიკოსი): "მდგომარეობა, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. პრემიერის განცხადება, რასაკვირველია, კეთილი ნების გამოხატულებაა, თუმცა არ მგონია, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით შესაბამისი ნაბიჯები გადადგას."

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "თუ ეს ისეთივე მცდელობაა, როგორიც გამსახურდიას, შევარდნაძესა და სააკაშვილს ჰქონდათ, არ მგონია, შედეგიანი იყოს. თითოეულმა მათგანმა მოღვაწეობა დაიწყო რუსეთთან დიალოგით და საუბრით. შესაბამისად, არ ვიცი, რას გულისხმობს პრემიერი.

"ქართველები რუსეთთან დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით, ოღონდ საქართველოს აქვს ერთი უმთავრესი კურსი, ჩვენ გვყავს პარტნიორი - აშშ, რომელსაც არ ავუჩეხივართ და ჩვენთვის ტერიტორიები არ წაურთმევია. ამიტომ საქართველოს კურსი არის დასავლეთი. ამ კურსის დათმობის ხარჯზე არანაირი ურთიერთობა არ მჭირდება რუსეთთან. ისე, მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის საქართველო სულ იბრძოდა."

ჩაწერა სახელი