მარიამ კუპატაძე
(06.03.2018)

სვანეთში ჰესების მშენებლობას, მეორე დღეა, აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რეგიონში ჰესების მშენებლობის დაწყება დაუშვებელია, სანამ პროექტს მოსახლეობა არ გაეცნობა.

თემთა შეკრების წევრები აცხადებენ, რომ სვანეთში უნდა აიკრძალოს უკლებლივ ყველა ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელყოფს, აზიანებს, ანგრევს და აპარტახებს უნიკალურ ბუნებას.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მანანა საღლიანის, თქმით, ისინი დღეს მესტიის შესასვლელში გზის გადაკეტვას აპირებდნენ, რათა მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტექნიკა არ გაეტარებინათ, თუმცა, დიდთოვლობის გამო ტექნიკა ტერიტორიაზე ისედაც ვერ შევიდა.

მესტიის მერის ინფორმაციით, ინვესტიცია, რაზეც საუბარია, აბსოლუტურად კანონიერია.

"ეს ჰესები რამე საფრთხეს რომ უქმნიდეს რეგიონს, პირველ რიგში, ჩვენ ვიქნებოდით წინააღმდეგი. შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლიტიკური აქციაა, სხვაგვარად ვერ ავხსნი იმას, რატომ არიან აქციაზე ისეთი ადამიანებიც, ვინც თავის დროზე ჰესების მშენებლობას მხარს უჭერდა", - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ჰესების პროექტების გაცნობა და მათ განხილვაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

უნდა აშენდეს თუ არა რეგიონებში ჰესები მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): საქართველოში ჰოდროელექტროსადგურები რომ არ აშენებულიყო, ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. ჰესები, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს, მთავარია, ამან მოსახლეობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება არ გამოიწვიოს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის ჰესების მშენებლობა აუცილებელი პირობაა.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რასაკვირველია, დღევანდელობა ბევრ ელექტროენერგიას მოითხოვს, მაგრამ თუ ეს მთის სოფლების დაცლის ხარჯზე მოხდება, დაიკარგება ის უნიკალური კულტურა, რომელიც ამ რეგიონებს შემორჩენია, ჰესების აშენების წინააღმდეგი ვიქნები.

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ჩვენ ორმხრივი არგუმენტები გვჭირდება. რა თქმა უნდა, მოსახლეობას აქვს საკუთარი არგუმენტები, მაგრამ მეორე მხარესაც უნდა მოვუსმინოთ.

მე წინააღმდეგი ვარ ბუნების დაზიანების, მაგრამ ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი აუცილებელია, სწორედ დისკუსიის შემდეგ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

 ვასილ მაღლაფერიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი): ჰესების მშენებლობა აუცილებელია, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, მოსახლეობასთან საუბარია საჭირო, მათ სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, რომ ის, რაც კეთდება, აუცილებელი და სასარგებლოა და არა პირიქით.

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ არ უნდა გამოიწვიოს იმ ბუნებისა და კულტურის განადგურება, რომელიც კონკრეტული რეგიონისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

ჩაწერა სახელი