გვანცა წულაია
(12.02.2018)

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დეგრადირებული ლიდერია" და მის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება.

"სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. ამის დასტურია ინტერვიუ, რომელიც იყო დეგრადირებული ლიდერის ურთიერთგამომრიცხავი აზრების ფრქვევა", - ამბობს ბოკერია.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართულ რეალობას მოწყვეტილია.

"ეტყობა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაინც მოწყვეტილია ქართულ რეალობას. კარგია, რომ სააკაშვილს ეს ამბავი გაახსენდა, თუმცა აქ, საქართველოში ეგ ისედაც იცოდნენ, ასე რომ, კარნახი არავის სჭირდება - გასაგებია, რომ კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატი, თუ მოხერხდება, რა თქმა უნდა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზით გამოავლინონ.

სააკაშვილის ამ ინიციატივას პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება. თუმცა, როგორც ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ პროცესში ვერ ხედავს "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" ადგილს, რადგან ისინი ხელისუფლებასთან არიან გარიგებული.

გარდა ამისა, სააკაშვილმა შაბათს გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა, რომ "აუცილებლად ყოველთვის ქართველ პოლიტიკოსად დავრჩები და ვიქნები უკრაინელი".

აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური პერსპექტივა? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, რადგან მან საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა, რაც პოლიტიკური მოღვაწისთვის აბსოლუტურად დაუშვებელია. დანარჩენზე აღარ ვლაპარაკობ".

 

 

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური პერსპექტივა აუცილებლად აქვს, ოღონდ, ალბათ, ჯერ არა. თუ მიხეილ სააკაშვილი უახლოეს ხანებში საქართველოში დაბრუნდება და როგორც ემუქრებიან, მას დააპატიმრებენ, ის პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ გააგრძელებს. ამიტომ, რაღაც სიტუაციის შეცვლის შემდეგ, პერსპექტივა ექნება, რადგან ის არის ახალგაზრდა, ენერგიული და ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი. ამიტომ, შეუძლია პოლიტიკური კარიერა საქართველოში გააგრძელოს. არა მხოლოდ საქართველოში, ვხედავთ, რომ ის უკრაინაში ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს".

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ჩემი აზრით, ბატონ მიხელ სააკაშვილს საქართველოში არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, რადგან არათუ მიხეილ სააკაშვილმა, არამდენ ნებისმიერმა პოლიტიკოსმა და ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის, რაც ერთხელ მიიღწევა, იმავეს მეორედ და მესამედ განმეორება აღარ შეიძლება. ეს ბუნების კანონია".

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): "მგონი, რომ არ აქვს. რადგან, ჯერ ერთი, მისმა ცხრაწლიანმა მმართველობამ ვერ გაამართლა. მეორეც, მე, როგორც საზოგადოების ნაწილი, ვფიქრობ, ეს ყველაფერი არადემოკრატიული და ძალადობრივი იყო. მესამე, უკვე იმდენად შეირცხვინა თავი ყველგან, ყველა იმდენად მიხვდა, თუ როგორი ყვარყვარეა, ძალიან შემრცხვება ქართველი ერის მაგივრად, რომ ეს ადამიანი ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდეს".

ჩაწერა სახელი
sos (13.02.2018)
თუ მიშას არა ააქვს პერსპექტივა,პოლიტიკური,ალბათ ამ მლქვნელთა ჯგუფს რომ ჰკითხო ბიძინაზე უყოყმანოდ იტყვიან რომ ის დიდი პოლიტიკოსია!!

ლი (12.02.2018)
ქ-ო ლელა, კიდევ კარგი, რომ ამ უაზრო რესპოდენტებს შორის თქვენც ბრძანდებით. მიშას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს აქ და ყველგან, გაბოროტებულო ადამიანებო, ვერ აიტანეთ ქვეყნის წინსვლა და ერთიანად აუჯანყდით ამ ღვთის მოვლენილ ადამიანს, რა გასაკვირია, მის მიერ შექმნილი ე. წ. პოლიტიკანები, განსაკუთრებით ბოკერია თავის გველხოკერა კნეინასთან ერთად, უგულავა და ის ვიღაცა თუ რაღაცა მაგ პარტიის მდივანი კიკნა - რა გამწარებულები აგინებდნენ მიშას, როგორ მეცოდებით გაყიდული ვირეშმაკებო! ის გაბოროტებთ მიშას ფრჩხილის დონისაც რომ არა ხართ!!!!!!!!!!!