გვანცა წულაია
(13.01.2018)

საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვს. გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხზე გამართული შეხვედრისას კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

"ჩვენ ეს კანონპროექტი ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ და საშიში აქცენტები აღმოვაჩინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოგამსაღებლებზე ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმებია განსაზღვრული. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში, საუბარი მხოლოდ სასჯელის შემსუბუქებაზეა.

"ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია", - განაცხადა დეკანოზმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით ქვეყნის პარლამენტი მსჯელობას საპატრიარქოსთან ერთადაც აპირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, განხილვაში საპატრიარქოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ განხილვებში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესებში საპატრიარქოს მონაწილეობა. მოვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და სწორედ ასეთი ფართო ჩართულობით იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება", - ამბობს კობახიძე.

უნდა შეწყვიტოს თუ არა პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა საპატრიარქოს თხოვნის საფუძველზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოს. საპატრიარქომ შეიძლება რაიმე სახის რჩევა ან რეკომენდაცია მისცეს. ბოლომდე ვერ მივხდი, რა მოტივაციით უნდა შეწყდეს განხილვა. განხილვას წინ რა უდგას? ამ ეტაპზე ამის შეწყვეტა სრული უაზრობაა."

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "რადგან ჩვენს პარლამენტში ძალიან ბევრი კანონპროექტი იყო მიღებული დაჩქარებულად, რამაც გულისწყრომა გამოიწვია, მგონი, ყური ახლა მაინც უნდა დაუგდონ და გადადონ. ამ გადადებით არაფერი არ მოხდება. უფრო კარგად გააანალიზონ, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას.

"ეს კანონმდებლობა რომ მოსაწესრიგებელია, გასაგებია, რაღაც ფორმით დეკრიმინალიზაცია რომ უნდა მოხდეს, ესეც გასაგებია, მაგრამ რაღაცებს უფრო ჭკვიანურად უნდა მივუდგეთ, რათა მერე გვიან არ იყოს. ჯობია, როგორც ამბობენ, ბევრჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. მაინც ვემხრობი იმას, რომ ჯობია, მოგვიანებით, მაგრამ კარგად გაკეთდეს, ვიდრე დაჩქარებულად და ცუდად."

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "არ მგონია, რომ შეწყდეს. მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოს მონაწილეობითაც. ერთი რამ არის - რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა მომზადდეს გარემო. ალბათ უნდა იყოს საქმიანობის ისეთი სფეროები, სადაც ნარკომომხმარებლები არ უნდა მუშაობდნენ.

"როდესაც ამბობენ - ეს ჩემი პირადი ნებაა და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ - ეს ადამიანები არ ცხოვრობენ კუნძულზე. ეს რობინზონ კრუზოს ფსიქოლოგიაა. როდესაც მარტოა, მაშინ რაც უნდა ის აკეთოს, მაგრამ როცა საზოგადოებაში ხვდება, მათ პატივი უნდა სცეს და ისე მოიქცეს, როგორც ადამიანს ეკადრება. რაც მთავარია, მასმედიამ, სხვადასხვა მხარის მონაწილეობით, საკითხი ფართოდ უნდა გაშალოს."

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციით და იურიდიული კანონებით, საპატრიარქო არ არის საკანონმდებლო ორგანო. საკანონმდებლო ორგანო ჯერჯერობით პარლამენტია და ვერც ერთი უწყება არც ავტორიტეტით და პოპულარობითაც არ უნდა სარგებლობდეს, ქვეყანაში პარლამენტზე რეალურ გავლენას ვერ უნდა ახდენდეს.

"სრულიად ბუნებრივია, რომ საპატრიარქო კანონპროექტის განხილვის შეჩერებას კატეგორიულად ვერ მოითხოვს. რაც შეეხება საზოგადოების აზრს, რომლის ერთი ნაწილიც საპატრიარქოა, აქ აზრი ორად არის გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ კანონი ნარკომომხმარებლისთვის სასჯელის დაწესების შესახებ მკაცრია და იგი უნდა შერბილდეს, ნარკომომხმარებელი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდეს.

"ჩემი შინაგანი რწმენით, საპატრიარქოს მხარეზე ვარ, რადგან საქართველოში შეიძლება ნაადრევი იყოს ასეთი კანონის მიღება. ვშიშობ, ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის მერე ხუთჯერ მეტი ნარკომანი არ მოგვევლინოს, ვიდრე ახლაა. ამიტომ ამ კანონის მიღება ნაადრევია."

ჩაწერა სახელი
თამაზი (13.01.2018)
ძალიან სამწუხაროა, რომ ნარკომანებისა და "გირჩის" წევრების აშკარა ზეგავლენით დაწერილი, ქართული საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელი ეს ქვეყნის დამღუპველი კანონპროექტი უკვე მოწონებულ იქნა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით. მოვითხოვ გამოქვეყნდეს იმ უპასუხისმგებლო პარლამენტართა სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის ამ ვაი–კანონპროექტს, რომ ვიცოდეთ ვინ ვინ არის! ნარკოდამოკიდებულებს უნდა დავეხმაროთ განკურნებაში, ხოლო ნარკორეალიზატორებს კი აუცილებლად უნდა გაუათკეცდეთ სასჯელი!!!