თიკო ოსმანოვა
(11.01.2018)

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

"აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს. მიზანმიმართულად არ გადაიყვანეს, სპეციალურად აწყობდათ, ქვეყანა დაექცეს იმ სპეცრაზმელებს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას. არ უნდოდათ იმათ ჩემი შვილის სიცოცხლე. ამას სტრასბურგამდე მივიყვანთ. თუ ცოცხალი ვიქნები, ამ ქვეყანას ამას არ შევარჩენ, ვინც დამნაშავეები არიან," - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას - დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება, - ამის შესახებ კი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა მისთვის გაუგებარია, ამით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ.

როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა მაჩალიკაშვილის გარდაცვალება ხეობაში სიტუაციის დაძაბვას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): სამწუხაროდ, ალბათ კი. ახალგაზრდის დაღუპვა ყველგან სანერვიულოა, მით უმეტეს, როცა ასეთი გახმაურებული ამბავია. ხეობაში მისიანები ძალიან განერვიულებულები არიან და მთელი მათი ენერგია იმისკენ იქნება მიმართული, რომ სწორი დასკვნა გამოიტანონ. სწორი დასკვნა კი, მათი აზრით, ისაა, რომ ეს ახალგაზრდა იყო სრულიად უდანაშაულო. არ ვიცი, თემირლან მაჩალიკაშვილი იყო თუ არა დამნაშავე (ამას გამოძიება დაადგენს), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან დიდი ტრაგედიაა.

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): კი, ალბათ გამოიწვევს. ახლა არავის ხელის დაფარება არ შეიძლება, ის ბავშვი არის მკვდარი, ეს შეცდომა ან გადაცდომა კი არაა, ეს დანაშაულია. ამიტომ ამაზე პასუხი უნდა აგოს მან, ვინც ეს ჩაიდინა. მამისი ამბობდა, რომ სპეცრაზმელს უმტყუნა ნერვებმა და თუ მართლაც ასეა, ის უნდა დაისაჯოს.

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): ვითარების დაძაბვა ამ სამწუხარო ამბავმა ორ მეგობარ და ერთ მიწაზე მცხოვრებ ორ ერს შორის, თუ სადმე სამართალია, არ უნდა გამოიწვიოს. მე მგონი, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს აქვთ იმდენი შეგნება და სიყვარული ქართველი ერის მიმართ, რომ ამას ეროვნული დაპირისპირების სახეს არ მისცემენ. დამნაშავე იყო თუ არა აწ განსვენებული ქართული კანონების წინაშე, ამას გამოძიება დაადგენს. მაგრამ ფაქტი ერთია, ადამიანის დასაპატიმრებლად ნერვული და ფიცხი კაცი არ უნდა გააგზავნო. ისიც არაა გარკვეული წესიერად, მას ტელეფონი ეჭირა თუ ხელყუმბარა. როცა ეს ყველაფერი გაირკვევა და დადგინდება, ერთმა მხარემ სასჯელი თავისი სიცოცხლით მოიხადა, მეორე მხარემაც, ვინც ნაჩქარევად ესროლა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს. მე კი გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ტყუილ-მართალი, ყველაფერი არეულია ერთმანეთში, ამიტომ გამოიწვევს ვითარების დაძაბვას. ჩვენს ხელისუფლებას დასჭირდება უხუცესებთან სერიოზული ლაპარაკი, რომ ეს ხალხი დააწყნარონ. თუ დაუდებენ ფაქტებს, მე მგონი, დაიჯერებენ და მეტ-ნაკლებად ვითარებაც დასტაბილურდება.

ჩაწერა სახელი