თიკო ოსმანოვა
(10.01.2018)

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ.

პროკურორს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი პირია ხორავას ქუჩაზე დაჭრილი, თუმცა აღნიშნა, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

"დღეს განვიხილავთ ორი პირის ბრალდების საქმეს, რომ მათი მოქმედების შედეგად დადგა ორი არასრულწოვნის გარდაცვალება. რაც შეეხება სხვა დაზიანებულებს, დაჭრილებს, დანიშნულია ექსპერტიზა და დგინდება, თუ რა გარემოებებში მიიღეს ეს ჭრილობები," - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს, ზვიად ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე 5 პირის წინააღმდეგ და დანაშაულის დაფარვას ეხება. შესაბამისად, მოცემული გამოძიების პროცესში, პროკურორის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამასთან, პროკურორი უარყოფს დაცვის პოზიციას, თითქოს საქმეში მონაწილეობს სხვა ცივი იარაღი, რომელიც გამოძიებაში არ არის დაფიქსირებული.

გჯერათ თუ არა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის გამოიძიება ობიექტურად წარიმართა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ღანიშაშვილი პოეტი): როგორც ვიცი, ამ საქმეში გარეული არიან ადამიანები, რომლებსაც მხარდამჭერები ჰყავთ ზემო ეშელონებში. პროკურის ბიძაშვილზე იყო ლაპარაკი. ამიტომ გამიჭირდება იმის თქმა, რომ გამოძიება ობიექტური იქნება. მაგრამ საზოგადოების მხრიდან ამან ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ, წესით, გამოძიება კანონის დაცვით უნდა ჩატარდეს.

 

 

 გია ბურჯანაძე მსახიობი):არ ვიცნობ ამ საქმეს კარგად და ვერ გიპასუხებთ. ზოგადად კი, თუ მოინდომებენ, რა უნდა ამის გამოძიებას?!

 

 

 

 

 ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი):ამ ხელისუფლებამ ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ გამოიძია და ვერც სამართლიანობა აღადგინა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ სტაგნაციაა სამართალდამცავ ორგანოებში. სააკაშვილის რეჟიმის სადიზმი შეცვალა დღევანდელი ხელისუფლების გამყინვარებამ. გაყინულია საგამოძიებო პროცესები, მოკვლევა, პროკურატურაც და სხვა. ამათი იმედი საერთოდ აღარ მაქვს. ასე რომ, ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, თუმცა სახეზეა ყველაფერი - დიდი გამოსაძიებელი არ არის.

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ამაში პოლიტიკური პირები არ არიან ჩართული, ამიტომ ალბათ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება, რადგან ამ პროცესს არავინ შეაფერხებს. თუმცა ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, მთავარი საკითხია, რატომ ხდება საზოგადოებაში ეს ძალადობა. ახალგაზრდები უსაქმურად არიან, არ იციან, რა უნდა გააკეთონ, ამიტომ ერთმანეთზე ძალადობენ. არადა, დღეს ამაზე არავინ მსჯელობს და მეორეხარისხოვანი თემებით არიან დაკავებული.

ჩაწერა სახელი