ნინო ქეთელაური
(09.01.2018)

"როგორც ჩანს, პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა", - ასეთ შეფასებას აკეთებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, საკუთარი პოლიტიკურ-სამსახურებრივი მომავლის გადასარჩენად "პროკურატურამ ნეიროქირურგის ლაზერით ჩასატარებელი ოპერაციისთვის ნაჯახი მოიმარჯვა - მიმართა "ყოვლისშემძლე" 332-ე მუხლს და "მოკვარახჭინებული" საქმე სასამართლოს გადაულოცა".

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, 332-ე მუხლით დანაშაულად ცხადდება "პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია". შეწყალების აქტით კი, სახელმწიფოს მეთაური პატიმრობიდან ვადაზე ადრე ათავისუფლებს სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობილ პირს ისე, რომ ეჭვის ქვეშ არ აყენებს არც განაჩენის კანონიერებას და არც სასჯელის სამართლიანობას.

"ამრიგად, პრეზიდენტს მინიჭებული აქვს სახელმწიფოებრივი მოწყალების, დიდსულოვნებისა და ჰუმანურობის გამოვლენის ისეთი ექსკლუზიური ინსტრუმენტი, რომელიც "ამოვარდნილია" მართლმსაჯულების სისტემიდან და ვერ თავსდება ზოგადი სამართლებრივი პრინციპების ჩარჩოებში.

"შესაბამისად, თუ შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაზე "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების" 332-ე მუხლით განსაზღვრულ სტანდარტებს მექანიკურად გავავრცელებთ, აბსურდამდე მივალთ", - აცხადებს უსუფაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ "ასეთ აბსურდამდე პროკურატურის მიერ არჩეულმა მცდარმა გზამ მიგვიყვანა".

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ეს იყო ისეთი ნაციონალური ტრაგედია, რომ აქ სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება. თუ როდისმე უსამართლობა ხდებოდა, ეს იყო საააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუმცა, მე ისიც მიკვირს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი რატომ შეფუთა ასე სუსტად, რატომ არ გაახსენდათ მოლაშვილის და ძალიან ბევრი სხვა საქმე...

"მე ვფიქრობ, ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაციის შედეგი. სამწუხაროდ, ცუდად შეფუთული და დაგვიანებული პროცესია, თორემ, რა თქმა უნდა, მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი. იურიდიული კუთხით კი, ყველაფერი გაცილებით დამაჯერებლად უნდა ყოფილიყო გაკეთებული."

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე):  "როგორც ადამიანი, ძალიან მენანება, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის განაჩენი ძალიან მეცოტავება. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღეს, რაც პროკურატურამ მოიძია, თორემ ალბათ დანაშაული კიდევ უფრო მეტია."

 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "იმ ბრალდებების ფონზე, რომლებზეც მანამდე იყო საუბარი, ეს ყველაფრი ცოტა კომიკურია. უცებ ვხედავთ, რომ სასამართლოს განაჩენი გამოაქვს იმ შეწყალების აქტის გამო, რომლის უფლებაც ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტს აქვს. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც სერიოზულად და სამართლიანად ვერ გამოიყურება."

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "მე ვფიქრობ, სამართლიანობა და მორალი აუცილებად ერთად უნდა იყოს განხილული და როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დავალებით კაცს კლავენ სასაფლაოზე, ტოვებენ შიშველს და მერე ამ 4 კაცს პრეზიდენტი იწყალებს, არც სამართლინია და არც მორალური. მომავალმა პრეზიდენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს არ ჩაიდინონ.

"იურისტი არ ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ვერაფრით წარმომიდგენია, რანირად შეიძლება შეიწყალო ის ხალხი, ვინც ბიჭს წამებით ამოხადა სული."

ჩაწერა სახელი
sos (12.01.2018)
მართლა არ მესმის,ყოველდღიურად რატომ აფიქსირებინებთ დოდოშკასნაირებს თავის მოსაზრებებს,რომელი გამორჩეული და ობიექტური აზროვნებით ეგენი გამოირჩევიან??ჯერ სასაცილოა რომ მიშას სისხლის ღვრაში და კორუფციაში ედავებოდნენ და ჰუმანური აქტისთვის გაასამართლეს,მეორეც კონსტიტუცია არც ერთმა აქ წარმოდგენილ ვითომ ექსპერტებს და მოაზროვნეებს ერთხელაც არა აქვთ გადაშლილი, თორემ ასეთ სისულელეებს არ დააბრეგვებდნენ!!!