თიკო ოსმანოვა
(19.12.2017)

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ნაწილად იყოფა. პარასკევს, დღის ბოლოს, გაცხადდა, რომ საგაზაფხულო სესიაზე 86-კაციანი ფრაქცია "ქართული ოცნება" სამ ახალ ფრაქციად წარდგებოდა პარლამენტში.

ერთი ახალი ფრაქციის თავმჯდომარე იქნება გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის", მეგობარი ბიძინა გეგიძე, მეორე ახალ ფრაქციას სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ბიზნესპარტნიორი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს, ცოტათი შემცირებული ძირითადი ფრაქციის ლიდერი ისევ მამუკა მდინარაძე იქნება.

ფრაქციის სამ ნაწილად გაყოფასა და იმაზე, რომ პრემიერისთვის ეს ჯერ ცნობილი არ არის, მოულოდნელი განცხადებით გამოვიდა მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, საგაზაფხულო სესიისთვის გადაჯგუფება ხდება და ჯერჯერობით გადაწყვეტილება იმ კონდიციამდე არ არის მიყვანილი, რომ პრემიერი ჩაეყენებინათ საქმის კურსში.

ფრაქციის გაყოფასთან ერთად საზოგადოებაში შეიქმნა ვარაუდი, რომ "ოცნება" დაშლის ზღვარზეა. პოლიტოლოგთა ნაწილმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ პარტია ნელა, მაგრამ მაინც მიდის დაშლისკენ. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შესაძლოა, ვიხილოთ ახალი ოპოზიციური პარტია ან პარტიები, რომლებიც მმართველ გუნდს გამოეყოფიან.

ორი ფრაქციის შექმნა არის თუ არა "ოცნების" დაშლის დასაწყისი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): არ ვიცი, წინასწარ ამას ვინ იტყვის, თუმცა, შესაძლოა, არის კიდევაც. მაგრამ არ მიყვარს მონოლითური პარტიები.

დაშლა არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მტრებად გადაიქცევიან, მთავარია, საქმე გააკეთონ ცალ-ცალკე თუ ერთად, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

 

 

 

 გია ბუღაძე (მხატვარი): გააჩნია, როგორ შევხედავთ ამ საკითხს. მე მგონია, რომ ფრაქციების დაშლა ფულის გაკეთების სურვილს უკავშირდება. ისინი ქვეყნის სათავეში მხოლოდ იმისთვის არიან მოსულები, რომ ფული აკეთონ. ფრაქციას სხვა დამატებითი ხარჯები დასჭირდება, პლუს ხელფასები, პრემიები.

უსუფაშვილმა თქვა, რომ დამატებითი ხარჯი იქნება დაახლოებით მილიონ ნახევარზე მეტი. მჯერა მისი, რომ მართლაც ასე იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, ფულის საკეთებლად და პრივილეგიებისთვის ხდება ეს. მათ ფულის გარდა სხვა მიზანი არ აქვთ. არა მგონია, რომ პრინციპული დაპირისპირება ჰქონდეთ. თუ ექნებათ, მხოლოდ ფულთან დაკავშირებით.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): შეიძლება არის დაშლის ზღვარზე, თუმცა ასევე შეიძლება სხვა მიზანიც ჰქონდეთ. მაგალითად, ვგულისხმობ დამატებითი პრივილეგიების მიცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ფრაქციებს უხელმძღვანელებს. მაგრამ უფრო მეტად ბზარის გაჩენაზე მიანიშნებს.

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი):ყველა პოლიტიკოსს თავისი აზრი აქვს, მთავარია, საქმე აკეთონ, რისთვისაც არიან სათავეში. ეს არ ნიშნავს, რომ "ოცნება" დაიშლება. ჩემი გათვლით, ეს პარტია, მინიმუმ, კიდევ 8 წელი იარსებებს. მერე შეიძლება შეიცვალოს და სხვა ძალა მოვიდეს.

ჩაწერა სახელი