გვანცა წულაია
(04.12.2017)

1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ახალგაზრდების სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვანი შეეწირა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შაბათს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

ტრაგიკულად დასრულებულ ინციდენტს ორი ეჭვმიტანილი ჰყავს. პოლიციამ ერთი მათგანი - 16 წლის მოზარდი უკვე დააკავა, რომელიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა, ხოლო მეორე პირის, მე-11 კლასელის სამძებრო ღონისძიებები ახლაც მიმდინარეობს.

სისხლიან გარჩევას, რომელსაც წინ შელაპარაკება უძღოდა, 15-მდე მოწმე ჰყავს. პოლიციამ თითოეული მათგანი უკვე დაკითხა. დანაშაულის ჩადენის მოტივი კი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 51-ე სკოლაში მომხდარ ტრაგედიაზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მკვლელებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მკვლელობაში და რომლებიც ესწრებოდნენ. ოჯახის, სკოლის, სახელმწიფოს და ალბათ არც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგანაც ძალიან ხშირად ასეთი ტრაგედიების მიმართ გულგრილი ვართ."

 

 

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): "ოჯახს პირდაპირ პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებ, ასეთი შვილი რატომ გაზარდეო. სკოლის დირექტორი რა შუაშია, არ ვიცი. მგონი, სიტუაციას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. ასე კონკრეტულად არ ვიცი."

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):"ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ოჯახებს უნდა დაეკისროთ, რადგან ოჯახში აღმზრდელობითი საქმე ჩავარდნილია. მარტო სკოლა პრობლემას ვერ მოუვლის, მით უფრო - პოლიცია და მანდატურები.

"ოჯახმა ჩვენთან სტრუქტურა იცვალა. კარგი გაგებით, მშობლის კონტროლი ვეღარ ხორციელდება ისე, როგორც ჩემ დროს იყო. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ახალგაზრდებს პირველი პასუხისმგებლობა ოჯახის მიმართ ჰქონდათ. მეორე საკითხია მეგობრების წრე, რაც აგრეთვე მშობლების მხრიდან კონტროლდებოდა. ჩვენი თაობა ერთმანეთის ოჯახებში გავიზარდეთ და ჯვარედინი კონტროლი იყო.

"ჩავარდნილია, საერთოდ, დემოგრაფიული საკითხები, მათ შორის მშობლების ურთიერთობა შვილებთან. მასმედიის მხრიდან ძალადობის მაგალითების ჩვენება, არ ვამბობ, რომ პროპაგანდაა, მაგრამ არ უნდა იყოს ისე, როგორც არის. რაც მთავარია, ქუჩა ადრე დადებითი და კარგი ურთიერთობის ასპარეზი თუ იყო, ახლა უკვე ნეგატიური კონოტაციის მატარებელი მომენტია."

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "ძალიან ძნელია, პასუხისმგებლობა რომელიმე ერთ რგოლს დააკისრო. დააკისრო სკოლას, სკოლის იმ სამსახურებს, ვისაც დისციპლინის დაცვა ევალება, მშობლებს და, საერთოდ, აღზრდის სისტემას, მაგრამ ეს ფაქტი რომ საგანგაშოა, ლაპარაკი არ უნდა.

"როგორც გაირკვა, სკოლებში ზედა კლასის მოსწავლეები დანით შეიარაღებული აქტიურად დადიან. მამლაყინწობის პერიოდია და ერთი-ორი შეიარაღებული ჩემი დროის სკოლაშიც იყო. 15 ბავშვის თვალწინ მათსავე ამხანაგს 14 ჭრილობას აყენებენ, ეს უკვე ის არ არის, როგორც ტელევიზიები გადმოსცემენ, შელაპარაკება ჩხუბში რომ გადაიზარდა. ეს შელაპარაკება კი არ არის, ეს მასობრივი მკვლელობა და ცინიზმია. ამის დამალვა და რაღაც-რაღაცებით თავის გამართლება სისულელეა.

"ვფიქრობ, ძირეულად შესაცვლელია ჩვენს სკოლებში დისციპლინის მდგომარეობა, ხოლო ბავშვის ცნობიერება, მისი გონების მართვა, ეს უკვე ათეული წლების ამბავია. ყველანი, დიდიც და პატარაც, სწორი აღზრდის სადარაჯოზე უნდა დავდგეთ.

"ეს საგანგაშოა მთელი ერისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, ნაკლები დანაშაული არც ჩვენს ტელევიზიას მიუძღვის. ამდენი საშინელებათა ფილმი, ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედი გადაცემა, ყველაფერი ეს, კოლექტიურად და ცალ-ცალკე, არის მიზეზი ჩვენი ამ საშინელი მაგალითისა."

ჩაწერა სახელი
ლალი (05.12.2017)
"მგონი,სიტუაციას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა"!!!!!! მოაშორეთ რა ეს ქალი!