ნინო ქეთელაური
(01.12.2017)

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და მთავრობას ამ ცვლილებაზე მუშაობა მოუწევს, თუმცა აღნიშნა, რომ ამან შეიძლება მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვიოს.

"ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, ასევე, უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძიებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ., იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაც და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორ ფიქრობთ, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს თუ არა მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მე ვფიქრობ, გამოიწვევს მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია, ახალგაზრდებისთვის ადვილი მისაწვდომობაც დიდი სატყუარა იქნება. გარდა ამისა, არსებობს მთელი რიგი პროფესიებისა და საქმიანობებისა, სადაც არ შეიძლება მისი გამოყენება. ეს არის პედაგოგი, მძღოლი, პილოტი და ა.შ. თუმცა არც იმისა მომხრე ვარ, რომ ამის გამო ციხეში გაუშვან ვინმე. ეს ძალიან ხისტი მიდგომაა. საჭიროა, რომ საზოგადოების გაკიცხვის საგანი მაინც იყოს.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): არც ერთ ქვეყანაში არ ვლინდება ასეთი კავშირი, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ მისი მომხმარებლის რაოდენობა გაზარდა. მე არ ვარ მომხრე, რომ ამის მომხმარებელი ციხეში ჩავსვათ, თუმცა ვინც ამას ავრცელებს, აი, ის ხალხი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, გინდა მარიხუანას ყიდდეს და გინდა კოკაინს. ეს ძალიან დიდი დანაშაულია და ამის შერბილება არ შეიძლება.

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): მომხმარებლის რაოდენობის გაზრდას, დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოიწვევს. ის კი, ვინც მომხმარებელია, უფრო თავისუფლად მოიხმარს. სხვა მხრივ, რამდენადაც მე გამიკითხავს და ვიცი, მომხმარებლის გაზრდა მის დეკრიმინალიზაციას არსად გამოუწვევია.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მე ვფიქრობ, გამოიწვევს და ყველაზე მეტად მეშინია მოსწავლე-ახალგაზრდობის. იმიტომ, რომ მე 15 წლის შვილი მყავს სახლში და იმან რომ მითხრას, მაინც არ დამიჭერენ და რა მოხდა მერე, თუ მოვწიეო - ეს არ მინდა, თორემ ვინც მოიხმარს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოიწვევს მისი მომხმარებლის რიცხვის გაზრდას. მეტიც, ეს გარდაუვალი მგონია.

ჩაწერა სახელი
li (08.12.2017)
რა თქმა უნდ გამოიწვევს, ნუ გავიწყდებათ პატივცემულებო, რომ ეს საქართველოა, სადაც იმაზე ფიქრობენ, როგორ და სად გაატარონ დრო, ნუ გავიწყდებათ კაფე-ბარები, სადაც აკრძალვის მიუხედავად რა ხდება, დოპინგებით გაჟღენთილები ყველაფერზე მიდიან. მე მეცოდება უყველა ის ადამიანი რომლებიც გაერთიანებულია ე.წ. "გირჩის" პარტიაში, სამარცხვინოები, აღარ იციან რა მოიფიქრონ, რომ ყურადღება მიიპყრონ; მეცოდება ჯაფარიძე, უდავოდ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც დროს რა ფუჭ საქმეებში ხარჯავს, იმ დროს ნაცებში ნამდვილად შეეძლო ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა! ხოლო მისი ახალი მოწოდება ჯარში არ წასვლასთან დაკავშირებით, ამას უკვე ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ქვეყნის ღალატს.