გვანცა ღვედაშვილი
(30.11.2017)

თბილისში, ძეგლების პირბადებით შენიღბვის აქციამ, რომელიც "ჟანგბადის ნინძებმა" მოაწყვეს, მოსახლეობაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. ნაწილის აზრით, აღნიშნული პერფორმანსი კარგად გამოხატავს დედაქალაქის მცხოვრებთა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც ჰაერის დაბუნძურებას უკავშირდება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთება არაშესაფერისი საქციელია.

გუშინ, დილით თბილისში არსებული ძეგლთა ნაწილი მოქალაქეებს პირბადით შენიღბული დახვდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე შენიღბულია გიორგი ლეონიძის, გალაკტიონის, ილიასა და აკაკის, მიხეილ თუმანიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვა საზოგადო მოღვაწეთა ძეგლები.

აღნიშნულმა პერფორმანმა თბილისის ვიცე-მერის უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

"ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეეძლოთ ამისი გაკეთება და არა - ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა სანქციები, აუცილებლად გავატარებთ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, პოლიციის დეპარტამენტმა შეისწავლა და დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტები არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

მისაღებია თუ არა, სამოქალაქო პროტესტის მიზნით, ძეგლებზე პირბადეების აკვრა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): "არ მგონია, ეს კრიმინალი იყოს. ვიღაცას ასე სურს პროტესტის გამოხატვა იმიტომ, რომ ცუდი ჰაერია. ეს ადამიანები გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას და რა არის ამაში ცუდი, ვერ გავიგე."

 

 

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "ძალიან მისაღებია. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აქციაა, მათ შორის, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ჩატარებულა. მით უმეტეს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია.

"ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, თუ რა დაინახეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაში მიუღებელი. ეს არის ძეგლები და არა ადამიანები".

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მე ვფიქრობ, საკმაოდ კრეატიული ფორმაა პროტესტის გამოსახატად. რა თქმა უნდა, მისაღებია, ამაში მიუღებელი არაფერია."

 

 

 

 ქეთი დოლიძე (რეჟისორი): "მგონია, რომ ვინც ეს აქცია მოიფიქრა, არის არაჩვეულებრივი. რა თქმა უნდა, ესენი არ იყვნენ ადამიანები, თუმცა ძეგლებიც ზუსტად ისევე ზიანდებიან ამ გაუსაძლისი გარემოსგან, როგორც ადამიანები დაზიანდებოდნენ. ქვაც ვერ უძლებს იმას, რასაც ჩვენ. ამ პერფორმანსში რა იყო შეურაცხყოფა, ვერ გავიგე. ვთვლი, რომ გადასარევი იყო."

ჩაწერა სახელი