თიკო ოსმანოვა
(28.11.2017)

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგების მიხედვით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას 18 პოლიტიკური პარტია მიიღებს. შესაბამისი განკარგულება გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება პარტიებზე შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" წლიურად 2,081,038 ლარს მიიღებს (ყოველთვიური დაფინანსება - 173,420 ლარი). "თავისუფალ დემოკრატებს" 512,196 ლარი გამოეყოფათ, "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" დაფინანსება 472,812 ლარი იქნება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კი - 991,726 ლარი.

"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - 378,849 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - 378,849 ლარი, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 1,036,126 ლარი, "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" - 507,174 ლარი, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" - 241,625 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 87,024 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 241,625 ლარი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 1,270,995 ლარი, "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - 87,024 ლარი, "თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა" - 87,024 ლარი, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - 87,024 ლარი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - 87,024 ლარი, "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" - 195,511 ლარი, "სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" - 195,511 ლარი.

რამდენად სამართლიანია ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსების წესი? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი): "ეს წესი, დიდი ხანია, შესაცვლელია, ამაზე არაერთხელ ვილაპარაკე. ვერაფრით გავიგე, რას მიკეთებენ ეს პარტიები და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის?! აბსოლუტურად არაფრის მომცემი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ტყუილად გადაყრილი ფული.

"არ არის საჭირო ამ გზით პარტიების დაფინანსება. რატომ უნდა ვუხადო მე ბიუჯეტის თანხა, როცა ისინი არაფერს არ აკეთებენ და მარტო ხელფასებს იღებენ?! ამიტომ ვფიქრობ, ეს წესი შესაცვლელია."

 

 გია ბურჯანაძე მსახიობი): "იმნაირ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი არ არსებობს და საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი პარტიებს, მაგრამ ისეთი პარტიები, რომელთაც არანაირი რეიტინგი არ აქვთ და არავინ არ იცნობს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაფინანსდეს. ზოგადად კი, სახელმწიფომ პარტიების მოძლიერებაზე უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენთან არ არის ისეთი საზოგადოება ან ბიზნესი, რომლებიც პარტიებს დააფინანსებენ."

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): "ამის თაობაზე ჩემი მყარი პოზიცია მაქვს - არავითარი დაფინანსება ხელისუფლების მხრიდან პარტიებზე არ უნდა იყოს. ჩემი ფულით არც ერთი პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს. ყველა პარტიამ თავის თავს უნდა მიხედოს და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან."

 

 

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "აბსოლუტურად უსამართლოა. არ მესმის, რატომ უნდა გადავუხადო ჩემი ხელფასიდან ისეთ პარტიებს ფული, ვისთვისაც ხმა არ მიმიცია?! ხელფასს ვაძლევ მთავრობას და საკმარისია. პარტია, რომელიც ორი კაცისგან შედგება, მე რატომ უნდა დავაფინანსო?! დააფინანსოს იმან, ვინც აძლევს ხმას, ეს არის სამართლიანი. საწევრო ხომ არსებობს და ასე მოხდეს ამა თუ იმ პარტიის დაფინანსება."

ჩაწერა სახელი