გვანცა ღვედაშვილი
(25.11.2017)

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეოპერაციის ჩატარებიდან დღემდე საზოგადოებაში არსებული კითხვები პასუხგაუცემელია. უცნობია, ვინ იყვნენ ლიკვიდირებული პირები და რა საფრთხის წინაშე იდგა საქართველო.

ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო მედიაში არაერთი ვერსია და მოსაზრება ვრცელდება.

რაც ოფიციალურად გავრცელდა, ის არის, რომ 22-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული ეჭვიმიტანილები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდათ კავშირი, დაკავებული პირი კი რუსეთის მოქალაქეა, თუმცა პროკურატურა მის ვინაობას არ ამხელს და მხოლოდ მისი ინიციალების გაცხადებით შემოიფარგლება - ს.დ.. მათივე თქმით, ჯერ არ მომხდარა ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება.

"მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის", - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.

უნდა გაასაჯაროოს თუ არა ხელისუფლებამ სპეცოპერაციისას დაღუპულთა ვინაობა და საქმის დეტალები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ვფიქრობ, უნდა გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია ხელისუფლებამ. საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა და დიდი ინტერესია. მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა ხდება და ამაში არავითარი სახელმწიფო საიდუმლოება არ არის."

 

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "ვფიქრობ, რაღაც დეტალები უნდა გაასაჯაროოს ხელისუფლებამ. თუ იმის თქმა არ შეიძლება, ვინ არიან ეს პირები, ის მაინც უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რატომ გახდა ასეთი მასშტაბური ოპერაციის ჩატარება აუცილებელი და, ზოგადად, რასთან გვქონდა საქმე.

"კი, ბატონო, ნუ იტყვიან ყველაფერს, მაგრამ გარკვეული დეტალები, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გახდეს საჯარო."

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ზოგადად, ბევრ კითხვას ბადებს ეს ოპერაცია. გაურკვეველია, რატომ არ ვიცით დაღუპულთა ვინაობა; თუკი ამდენი ხანი იგეგმებოდა ოპერაცია, რატომ გაგრძელდა 22 საათი და ა.შ.

"საზოგადოებაში ბევრი კითხვაა და ვფიქრობ, სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს. ეს შეიძლება არ იყოს ყველა არსებულ შეკითხვაზე პასუხი. სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, არ გაასაჯაროოს რაღაც დეტალები, თუმცა, ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს ის, რისი თქმაც შესაძლებელია საჯაროდ."

 

 

 ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი): "გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრი ინფორმაცია, მათ შორის ვინაობა, არ გასაჯაროვდეს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მეტი ინფორმაცია უნდა მივიღოთ.

"თუ ლიკვიდირებულები არ არიან ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ, რას გვაძლევს მათი ვინაობა?! უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. გავაანალიზოთ ხარვეზები და გამოვასწოროთ. თუმცა გონივრულ ვადაში ლიკვიდირებულთა ვინაობა ცნობილი უნდა გახდეს."

ჩაწერა სახელი