ნინო ქეთელაური
(24.11.2017)

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი და ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაჯგუფების წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით", - განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი კომენტარები გავრცელდა.

ფოტოზე, სადაც, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი გარდაცვლილი პირია ასახული, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელით "ვაინდ ექს", შემდეგი შინაარსის კომენტარები დაწერა: "მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით"; "თავებს დაგაჭრით, ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი". ამ დროისთვის აღნიშნულ მომხმარებელს ფეისბუქზე პროფილი გაუქმებული აქვს.

მიუხედავად ჩატარებული სპეცოპერაციისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარისა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შიშის საფუძველი არ არსებობს.

როგორ ფიქრობთ, ეს იყო ერთეული შემთხვევა, თუ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაციები გააქტიურდნენ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):ტერორიზმი უკვე მთელ მსოფლიოშია მოდებული და გასაკვირიც იქნებოდა, რომ საქართველოშიც არ ყოფილიყო მსგავსი შემთხვევა. მე ვფიქრობ, ეს არ არის შემთხვევითი და ყველა სამართალდამცავი ორგანო ძალიან მობილიზებული უნდა იყოს, მკაცრად გააკონტროლოს საზღვარზე შემოსვლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. მებრძოლები იდევნებიან სირიიდან, ერაყიდან და ა.შ., რის შედეგადაც ისინი მთელ მსოფლიოში მიმოიფანტნენ. მე ვფიქრობ, ასეთი ღია კარის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, არ გაამართლა. ამიტომ უნდა გამკაცრდეს კონტროლი ამ ზონებიდან შემოსული ხალხის მიმართ. უშიშროების სამსახურს დიდი საქმე აქვს გასაკეთებელი.

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): არ მგონია, რომ ვინმესთვის ამ მხრივ დიდ ინტერესს წარმოვადგენდეთ. თუმცა მთელ ევროპაში ისეთები ხდება, უკვე არაფერია გამორიცხული. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევა, რომელიც დანაკარგის ფასად, მაგრამ ძალიან კარგად და გმირულად აღკვეთეს ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა. მათ ამისთვის დიდი მადლობა, მინდა, გადავუხადო.

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩვენი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს საფრთხე ყოველთვის შეიძლება არსებობდეს, თუმცა მთავარია, სახელმწიფო იყოს მოწოდების სიმაღლეზე და საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებით პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მე ის მაინტერესებს, ეს ადამიანები იმიტომ დასახლდნენ აქ, რომ გავლით იყვნენ და სხვა ქვეყანაში მიდოდნენ, თუ აქ ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს?! ბევრი კითხვა მაქვს, ველოდები გამოძიების შედეგებს. მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ თბილისიც ტერორისტების სამიზნე ქალაქების რიგში ჩადგება.

ჩაწერა სახელი