გვანცა წულაია
(13.11.2017)

მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მინისტრთა კაბინეტს, ჯამში, 7 მინისტრი დაემშვიდობება, 5 სამინისტრო კი გაუქმდება.

უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებენ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

აღნიშნულთაგან რამდენიმე უწყება, სავარაუდოდ, გაერთიანდება. კერძოდ, დაგეგმილია ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი უქმდება და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.

როგორ აფასებთ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მთავრობაში? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): "ნორმალური პროცესია. ეს ყველა ქვეყანაში ხდება და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, შერჩევის დროს პროფესიონალიზმი და გამოცდილება იქნეს გათვალისწინებული, ასევე, ვინ რა პროგრამით დაიკავებს ამა თუ იმ თანამდებობასა და როგორია მათი ხედვა, სადაც სუსტი რგოლია, რითი შეიძლება გაძლიერდეს."

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "რამდენჯერმე გავრცელდა ხმა, რომ მთავრობაში იგეგმება სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. რუსები ამას "უტკას" ეძახიან. ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს ხმას სპეციალურად არცელებენ, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ. ახლა ჩვენს ქვეყანაში კრიზისია, ხედავთ, რა კატასტროფულად ეცემა ლარი.

"რაც შეეხება საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებას, აუცილებელზე აუცილებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავრობა ბევრად უნიათოა იმისთვის, რომ ეს ცვლილებები ჩაატაროს. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემცირდეს სიმინისტროების რაოდენობა, რაც თავისთავად გამოიწვევს გაბერილი ჩინოვნიკური შტატების შემცირებას და ქვეყანა ცოტათი მაინც ამოისუნთქავს. უკვე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვენთან არასდროს ხდებოდა და არ არც ახლა ხდება ადამიანთა დაწინაურება მათი ნიჭისა და ღირსების მიხედვით. თანამდებობაზე არიან სრულიად უვიცი ადამიანები. ნიჭიერი, საქმიანი და ნამდვილი პროფესიონალები უსამსახუროდ სხედან. ამას მიხედვა უნდა, მაგრამ ვინ მიხედავს."

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი); "როგორ ჩანს, პოლიციაში საქმე კარგად არ არის. ასე მგონია, იმიტომ, რომ ძალადობა ხდება. განათლებაში დიდი გაურკვევლობაა. სახელმძღვანელოები მთლიანად იცვლება. ასეთი რყევები ძალიან მძიმედ აისახება.

"რაც შეეხება ჩემს სფეროს, ანუ ურბანისტიკას, ქალაქმშენებლობა და არქიტექტურა აუცილებლად გადასატანია ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ეკონომიკის სამინისტრო უბედური მონსტრი ხდება. ჩვენი დარგი განადგურების პირასაა და დისკრიმინებულია. ამ დროს პრემიერი ამბობს, რომ ოთხი მიმართულება არის აღებული ქვეყანაში. ერთ-ერთია სივრცითი მოწყობა, რაც სინამდვილეში არ კეთდება."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "თუ ეს ამ სიტუაციას უშველის, მივესალმები. სიტუაცია კი არის ძალიან რთული და მძიმე. მხედველობაში მაქვს სოციალური ფონი და მდგომარეობა. თუ პრემიერ-მინისტრი ამ გამოწვევას სამთავრობო ცვლილებებით უპასუხებს და საქმეს უშველის, მივესალმები. თუ უბრალოდ მინისტრების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილება მოხდება, მაშინ ამ ცვლილებას არანაირი აზრი არ ექნება."

ჩაწერა სახელი