თიკო ოსმანოვა
(11.11.2017)

თბილისის მერი კახი კალაძე "სიტი პარკთან" სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. მისი თქმით, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება შესასწავლია. "სიტი პარკი ძალიან უხეშად ექცევა ადამიანებს, რაც გამაღიზიანებელია", - აცხადებს კალაძე.

თბილისის აწ უკვე ყოფილი მერის - დავით ნარმანიას განცხადებით კი, "სიტი პარკთან" ხელშეკრულება სამართლებრივ ნაწილში იმდენად კაბალურია, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ მისმა თანაგუნდელმა ამაში წარმატებას მიაღწიოს.

"ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ "სიტი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. გრიფი მოვხსენით და დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება.

"ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის მოშლის შემთხვევაში თბილისის ხელისუფლებას, მინიმუმ, 25 მილიონი უნდა გადაეხადა. ჩვენ ყველა სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებით ვეცადეთ, რომ ისინი გონივრულ მოლაპარაკებაზე წამოგვეყვანა და არაერთხელ შევთავაზეთ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რამდენიმე ძალიან ცხარე კამათი და შეხვედრა იყო პირადად ჩემთანაც, ვერ მივაღწიეთ მოლაპარაკებას. ადმინისტრაციულად რამდენჯერმე იყვნენ დაჯარიმებული, თუმცა სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, რაღაც სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველი შემთხვევისთვის კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, რომ მისი მტაცებლური პოლიტიკა რამენაირად შეიცვალოს", - განაცხადა ნარმანიამ.

უნდა უჩივლოს თუ არა თბილისის მერიამ "სიტი პარკს" სასამართლოში? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ეს დაპირება წინა მერსაც ჰქონდა, თუმცა არაფერი გაუკეთებია. "სიტი პარკი" მართლაც მოუშორებელი ჭირია, ამიტომ დიდი მოლოდინი არ მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, ამ საქმეს მერიამ აუცილებლად უნდა მიხედოს."

 

 

 ავთო ვარსიმაშვილი (რეჟისორი): "აუცილებლად და რაც უფრო მალე იზამენ ამას, მით უკეთესი."

 

 

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "სასამართლო თუ უშველის - კი, მაგრამ გამოიღებს ეს შედეგს?! მარტო კალაძე არ უნდა დარჩეს ერთი-ერთზე. "სიტი პარკი" არის ნამდვილი მონსტრი, მას ასე ადვილად კალაძეც ვერ მოერევა. ამიტომ საჭიროა სხვა სახის მექანიზმების გამოყენებაც.

"სიტი პარკი", დიდი ხანია, რაც მოსაშორებელია. დავით ნარმანიამ ვერ მოიშორა, თუმცა ნამდვილად ცდილობდა, მქონდა ამ საკითხზე მასთან საუბარი. ამ ხელშეკრულებაში ისეთი რაღაცებია ჩადებული, რომ ვერაფერს შვრებიან. ამიტომ კალაძე მოერევა თუ არა, ეჭვი მეპარება.

"ზოგადად კი, მერობის ასე დაწყება რამდენად კარგია, არ ვიცი. მე მგონი, სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი."

 გია ბაღაშვილი (მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი): "ამის სამართლებრივი მხარე, დარწმუნებული ვარ, ქალაქის მერს უკეთ მოეხსენება. რადგან ამბობს, ეტყობა ამის საფუძველი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი რიგზე რომ არ არის "სიტი პარკთან" და საერთოდ პარკირებასთან დაკავშირებით, ფაქტია, კითხვის ნიშნები რომ ჩდება, სრულიად ბუნებრივია. ეს სამართლებრივ სიბრტყეში გადავა თუ არა, ამაზე ვერ გიპასუხებთ."

ჩაწერა სახელი