თიკო ოსმანოვა
(10.11.2017)

"მინდა, საზოგადოებას ვამცნო დიდი სიხარულით, რომ რეალურად ხდება შინაარსობრივი ცვლილება სახელმძღვანელოებში, რომლითაც ჩვენი შვილები ისწავლიან," - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განათლებისა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს შეეძლება, სახელმძღვანელოების შინაარსის დახვეწაში მონაწილეობა მიიღოს.

"ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი დაწყებულია. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეძლებს საზოგადოების თითოეული წევრი, მიიღოს მონაწილეობა ახალი თაობის სახელმძღვანელოების შემუშავებასა და დახვეწაში. აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადავალთ შინაარსობრივი პროცესის და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს", - განაცხდა მარიამ ჯაშმა.

საჭიროა თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებითი შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ლევან ღვინჯილია (ფილოლოგი): სასკოლო ცხოვრებასთან არ ვარ დაკავშირებული, ამიტომ ამ საკითხზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცნობ ამ სახელმძღვანელოებს.

 

 

 

 

 რეზო მიშველაძე მწერალი): ჩვენი სასკოლო სახელმძღვანელოები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ხელისუფლების შეცვლასთან ერთად იცვლება წიგნებიც. პროფესორებს არანაირი ყურადღება არ ექცევა. განათლებაში იმის მიხედვით შედგება სახელმძღვანელოები, რა გემოვნებაც აქვს სასკოლო კომისიას. ხოლო მისი გემოვნება, როგორც ვხედავ, 20 წლის განმავლობაში არის ყოვლად გაუმართლებელი. რომ ნახოთ ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები, გული აგერევათ.

ჩვენ ხომ უნდა გავზარდოთ ეროვნული მოქალაქე, ფენომენი, ეს საქმე ლიტერატურამ უნდა გააკეთოს სხვა ზნეობრივ აღზრდასთან ერთად. ჩვენი სახელმძღვნელოები კი, პირიქით, გავსებულია ისეთი არალიტერატურული ცდებით, რომ ამით თვითონ უცხოელებიც შეშფოთდებიან.

ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, რეზო ინანიშვილის ადგილი ჩვენს სახელმძღვანელოებში დაიკავა ვიღაც გაუგებარი უმწიფარი მწერლების ნაწარმოებებმა. ამიტომ მივესალმები, თუ მართლა მოხდება რეფორმა. თუმცა მე პირადად არ მჯერა, რადგან ასეთი დაპირება პირველი არ არის.

 რუსუდან ბოლქვაძე (მსახიობი): სასკოლო წიგნებს არ ვიცნობ, ამიტომ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ცვლილებას გააჩნია - ვინ შეცლის, რას და საითკენ წავა ეს ყველაფერი.

ზოგადად კი, ცვლილება ყოველთვის საჭიროა, ცხოვრება წინ მიდის, ეპოქა იცვლება და შეუძლებელია, ბავშვს ასწავლო იმავე წიგნებით, რითიც სწავლობდნენ 20-30 წლის წინ. მეცნიერება წინ მიდის, ვითარდება, ამიტომ შეიძლება თანამედროვე ელემენტების შეტანა.

საბჭოთა დროს ისეთ ლიტერატურულ ძეგლებს გვასწავლიდნენ, რომელიც იმ იდეოლოგიას პასუხობდა, ძალიან ბევრი მხატვრული ნაწარმოები კი კლასგარიშედ წავიკითხეთ. ასე, რომ ცვლილება საჭიროა, მაგრამ რა ნაწარმოები ჩანაცვლდება და რითი, ვინ წყვეტს ამას, აი, ეს არის ახლა მთავარი.

ადრე თქვეს, გოგებაშვილი უნდა შევცალოთო და ისეთი სახელმძღვანელო გამოუშვეს, ამას ისევ გოგებაშვილი ჯობია. არის რაღაც ფუნდამენტური, რომელიც არ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, დედაენა.

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): თუ გლობალური ცვლილება იქნება, დადებითად აღიქმება. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვეყოლება. ასე რომ, იყოს ცვლილებები, ოღონდ კარგი, ისეთი, რომ შეეფერებოდეს ამ საუკუნეს.

ჩაწერა სახელი