ნინო ქეთელაური
(09.11.2017)

პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო მოვლენაა, რომ გადასახადების გადამხდელების ხარჯზე დაახლოებით 20 პოლიტიკური პარტია იღებს დაფინანსებას.

"მთლიანობაში, ჩვენ ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ზოგადად, პარტიების დაფინანსება საჭიროებს რეფორმას და ამ კუთხით განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები", - განაცხადა კობახიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: "კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია" და "ეროვნული ფორუმი".

ოთხივე ეს პარტია ბლოკში "ქართულ ოცნებასთან" ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა "მრეწველებს" იმ 300 000-ლარიან დაფინანსებას, რომელსაც "მრეწველთა პარტია" "ქართული ოცნების" დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს.

თავად კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, "მრეწველთა პარტია" ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს.

რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", რომელიც ადგილობრივ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის", რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში "ევროპულ საქართველოსთან" ერთად იყო წარმოდგენილი.

როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უნდა ფინანსდებოდეს თუ არა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური კინოცოდნე): არათუ მათი დაფინანსნება, არამედ არც ამდენი პოლიტიკური პარტიაა საჭირო. იმიტომ, რომ პარტიების დიდი ნაწილი ზღვარსაც კი ვერ ლახავს არჩევნებზე და არც მათი გაკეთებული საქმეები ახსოვს ვინმეს. რატომ უნდა დაფინანსდეს ასეთი პარტიები, ნამდვილად არ მესმის.

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ჩემი აზრით, არც ერთი პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. პარტია არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თვლის, რომ მისი პოლიტიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

მე თუ დავინახე ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ასახავს ჩემს ინტერესებს, მზად ვარ, გადავიხადო რაღაც თანხა. როგორ შეიძლება, ბიუჯეტიდან 20 პარტია ფინანსდებოდეს?! ეს უნდა იყოს გამორიცხული.

მე არ ვარ თანახმა, რომ ბიუჯეტში ჩემი შენატანი მიდოდეს 5-კაციანი პარტიის დასაფინასებლად. ეს პოლიტიკურად რყვნის საზოგადოებას და მოლოდინებს უჩენს 3- და 5-კაციან ჯგუფებს.

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): მე ვფიქრობ, ისეთ პატარა და გაღატაკებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდეს არც ერთი პარტია. არ არის საჭირო ამდენი პარტიის არსებობა.

აყველა იმისთვის იბრძვის, რომ როგორღაც პარლამენტში შევიდეს და ეს გაუბედურებული ხალხი არავის ადარდებს. აქედან მორალი - პარტიების სახელმწიფო დაფინანსება ყოვლად მიუღებელია.

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  საერთოდ, ამდენი პარტიაც არ არის საჭირო და მით უმეტეს, ჰაერში გადაყრილი ფინანსები. ჩვენ არ ვართ დალხენილი ქვეყანა და არ მესმის, მათი დაფინანსებით რა ხეირი აქვს სახელმწიფოს?!

ეს ჩემი აზრია და მაპატოს ყველა დაფინანსებულმა პარტიამ, თუკი არ მოეწონებათ ჩემი პოზიცია. მე ვფიქრობ, უმჯობესია, ეს თანხა გაცილებით საინტერესო მიმართულებით დაიხარჯოს.

ჩაწერა სახელი