ნინო ქეთელაური
(07.11.2017)

მომავალი წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა ამოვარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის ამოქმედება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მაღალკვალიფიციური სამედიცინო კლინიკები შეირჩევა. მისივე თქმით, ეს არის გამოსავალი, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაიზარდოს.

"ამდენი კლინიკა, რომელიც დღეს არის საყოველთაო ჯანდაცვაში და, პირდაპირ ვამბობ, რომ მათი ნაწილი არის საამქროები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს ფულის გადამუშავებაზეა ორიენტირებული, აი, ასეთი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უნდა ამოვიდეს. უნდა დარჩეს მხოლოდ მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული, მულტიპროფილური, შესაბამისად აღჭურვილი კლინიკები, რომელთაც მაღალი ხარისხის დახმარების გაწევა შეუძლიათ. ეს დაანონსდა მიმდინარე წლის მარტში.

სელექტიური კონტრაქტირება და დონეებად დაყოფა სამშობიაროების შემთხვევაში გაკეთდა და გაგრძელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა პროფილების მიხედვით. ეს არის მთელი იდეა. კრიტერიუმი იქნება მაღალი ხარისხის მომსახურების ინდიკატორები და მომსახურების ყველა შესაბამისი პროფილი.

პაციენტი არ უნდა ელოდოს ქალაქის ერთი ბოლოდონ მეორე ბოლოში შესაბამისი კონსულტანტის გამოძახებას. პაციენტისთვის ზოგჯერ წუთებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხი და, მეორე მხრივ, პაციენტის კმაყოფილება, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ძირითადი არსი იმ რეფორმებისა, რომელიც მომავალ წლებში საყოველთაო ჯანდაცვაში ჩატარდება.

ამისთვის შეიცვლება დაფინანსების მეთოდი, ანუ გადავალთ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსებაზე და გადავალთ შერჩევით კონტრაქტირებაზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ "ინტერპრესნიუსთან".

როგორ ფიქრობთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი კლინიკა უნდა ამოვარდეს თუ არა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): ჩვენი სადაზღვევო პროგრამა რამდენჯერმე პირადად მაქვს გამოცდილი და ვფიქრობ, რომ ძალიან ხისტია და მოქალაქეზე ორიენტირებული არ არის. ვგულისხმობ, კვლაფიკაციასაც და პაციენტის ინტერესების დაცვასაც.

ამასთან, ძალიან მომრავლებულია მათი რაოდენობა, ფასები ძალიან გაბერილია და კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ამიტომ ასეთი კლინიკების არსებობის საკითხი უნდა გადაიხედოს.

პირადად მე 2 კლინიკა მივატოვე ამის გამო. ვფიქრობ, მათი რაოდენობა შესამცირებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ფასების გადახედვითაც და კვალიფიკაციის მიხედვითაც.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ზოგადად, სამედიცინო მომსახურება რომ მაღალი დონის უნდა იყოს, უდავოა. ამიტომ თუ სახელმწიფო სტრატეგიაში ჯდება, რომ შემცირდეს კლინიკების რაოდენობა და ამით გაიზრდება ხარისხი, ამ შემთხვევაში ვეთანხმები.

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, მაგრამ ეს დაზღვევა რომ საჭიროა და არ უნდა გაუქმდეს, მგონი, ჩემზე კარგად ჯანდაცვის სამინისტრომ იცის.

მე 2-ჯერ დამჭირდა ეს დაზღვევა და ორივეჯერ ძალიან დამეხმარა, მაგრამ ძალიან კარგ კლინიკებში მოვხვდი. ამიტომ მე ვფიქრობ, უფრო მაღალკვალიფიციური კლინიკები უდა იყოს ამ პროგრამაში ჩართული.

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი) თუ კლინიკების ის ნაწილი უნდა ამოვარდეს, რომლებიც პაციენტებს შესაბამისად ემსახურება, არ მესმის, რატომ უნდა ამოვარდეს? ამიტომ კლინიკების შერჩევით მიდგომას არ ვეთანხმები.

ჩაწერა სახელი