გვანცა წულაია
(04.11.2017)

"რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისკენ მიდის?" - აღნიშნული კითხვით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ პირველ ვიცე-პრემიერს, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართა.

კახიძემ მინისტრს სთხოვა, განმარტოს, ლარის გაუფასურება არის საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ბრალი, საგარეო ფაქტორების ბრალი, მოსახლეობის არასწორი მოლოდინის შედეგი, თუ ხდება ის, რომ "ლარი კი არ უფასურდება, არამედ დოლარი მყარდება და ყველაფერი კარგად მიდის".

"თქვენ აღნიშნეთ, რომ ლარიზაციის პროგრამა იყო წარმატებული და უნდა გაგრძელდეს. შარშან ამ დროს ლარის კურსი 2.41 იყო, ხოლო ახლა არის 2.62, ანუ წლის განმავლობაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურებულია. თქვენ როცა ლარიზაციის პროგრამა გამოაცხადეთ, ლარი 2.55 იყო და ახლა არის უფრო გაუფასურებელი, ვიდრე იყო მაშინ, როცა ლარიზაციის პროგრამის განხორციელება დაიწყეთ. რანაირად არის ლარიზაციის პროგრამა წარმატებული, როცა საქმე უარესობისაკენ მიდის?", - მიმართა კახიძემ ქუმსიშვილს.

თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ლარიზაციის პროგრამამ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "არ ვიცი, პრაქტიკულად, ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გაამართლა. მიზანი თუ ის იყო, რომ ინფლაცია მოჰყვეს და ფასები გაძვირდეს, მაშინ გაამართლა, მაგრამ არ მგონია, მიზანი ეს ყოფილიყო. მიზანი მოსახლეობისთვის რაღაც კეთილი და კარგი უნდა ყოფილიყო და ჯერჯერობით აბსოლუტურად ვერ გაამართლა."

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "ჯერ ვერაფერმა ვერ გაამართლა და ამას ჩვენ კარგად ვხედავთ. ლარი არასტაბილურია, მერყევია და, აქედან გამომდინარე, ვერ გაამართლა. ვერც გაამართლებს, სანამ ბანკების დიდი ინტერესი იქნება. ლარი ტყუილად არ მერყეობს, აქ არის ვიღაც-ვიღაცების ინტერესები. სანამ ეს ინტერესები არ გამოაშკარავდება და არ შეჩერდება, იქამდე ლარი მერყევი იქნება.

"ამ ეკონომიკის მდგომარეობაშიც კი შესაძლებელია ლარი იყოს გამყარებული, მაგრამ ვიღაცის ინტერესებში ეს არ არის, რადგან არასტაბილური ლარი ზოგიერთს საკმაოდ კარგ შემოსავალს აძლევს."

 

 ლადო ვარდოსანიძ (არქიტექტორ-ურბანისტი): "მოკლე პასუხი ასეთია, რომ ალბათ არ გაამართლა. ლარმა საკმარისი ავტორიტეტი ვერ შეიძინა. ძალიან ძნელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშო. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ძლიერი იყოს, მაგრამ ეკონომიკური ცხოვრება, ყოველდღიურობა, ოჯახის ინტერესები ცოტა სხვა რამ არის. მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების კეთილ ნებაზე და განწყობაზე ვერ იქნება.

"ასე რომ, ვფიქრობ, ვერ გაამართლა. როგორც ამბობენ დაინტერესებული ადამიანები, თვით ლარიზაციის იდეოლოგები, მათი ანგარიშები დოლარებშია და არა ლარებში. ეს არის პირველი და მთავარი.

"ნდობა უნდა მოდიოდეს ხელისუფლებისგან, ზემოდან. ქვემოდან და მასობრივად ეს ვერ შიქმნება. ასე რომ, ჩემი აზრი ასეთია - ამ პროგრამამ, სამწუხაროდ, ვერ გაამართლა. ხაზს ვუსვამ - სამწუხაროდ."

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): "თუ ეს დროებითი პროცესი არ არის, მაშინ ვფიქრობ, რომ ამან გაამართლა. ლარი სადღაც უნდა შეჩერდეს. ლარის შეუჩერებლობა იწვევს სიმპტომებს, რომელმაც შეიძება სოციალურ აფეთქებამდე მიგვიყვანოს. სოციალური აფეთქება ჩვენი ხელისუფლებისათვის ძალიან მძიმედ დამთავრდება.

"ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებები ასეთია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მეტი გულისხმიერების, შრომისა და წინდახედულების გამოჩენა მართებს, რათა პროცესი შეჩერდეს, თორემ ყველაფერი ლარზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ლარის იმ პროგრამამ, რომელიც იყო, შეიძლება ვთქვათ, რომ ვერ გაამართლა. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს რომ ეს პროცესი შეჩერდეს."

ჩაწერა სახელი