ნინო ქეთელაური
(12.10.2017)

საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი 353 პირიდან 28 რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს.

სტატისტიკა 2017 წლის 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში თავშესაფარს ითხოვენ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ავღანეთი - 22, ალჟირი - 1, ავსტრალია - 1, აზერბაიჯანი - 7, ბაჰრეინი - 1, ბანგლადეში - 11, ბელარუსი - 2, კამერუნი - 2, კონგო -7, ეგვიპტე - 49, ეთიოპია -2, განა - 7, ინდოეთი - 9, ირანი - 50, ერაყი - 27, კოტ-დივუარი - 1, იორდანია - 2, კენია - 2, ლიბანი - 4, მოლდოვა - 2, მაროკო - 2, ნიგერია - 22, პაკისტანი - 15, რუსეთი - 28, საუდის არაბეთი - 1, სიერა-ლეონე - 2, სომალი - 4, შრი-ლანკა - 4, სირია - 10, ტაჯიკეთი - 1, თურქეთი - 31, უკრაინა - 9, უზბეკეთი - 1, იემენი - 4, ზიმბაბვე - 2, მოქალაქეობის არმქონე პირი - 3, გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე პირი - 5.

საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა რაოდენობა კი 1489-ს შეადგენს. ამასთან, ლტოლვილის სტატუსით თავშესაფარი შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს (სულ 202) აქვთ მინიჭებული: ავღანეთი - 3, აზერბაიჯანი - 6, ერაყი - 104, ირანი - 21, ეგვიპტე - 7, ტაჯიკეთი - 4, თურქეთი - 1, რუსეთი - 24, სიერა-ლეონე - 1, სირია - 5, სუდანი - 6, პაკისტანი - 10, ყაზახეთი - 1, უკრაინა - 1, უზბეკეთი - 7, იორდანია - 1.

ჰუმანიტარული სტატუსით კი თავშესაფარი მიენიჭათ: ეგვიპტის 6 მოქალაქეს, ერაყის 535 მოქალაქეს, ლიბანის 6 მოქალაქეს, ნიგერიის 1 მოქალაქეს, სირიის 85 მოქალაქეს, შრი-ლანკის 2 მოქალაქეს, უკრაინის 408 მოქალაქეს, იემენის 1 მოქალაქეს და გაურკვეველი მოქალაქეობის მქონე 3 პირს, სულ, ჯამში, 1047 უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, რუსეთის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ თუ არა საქართველოში თავშესაფარი? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე(არქიტექტორ-ურბანისტი):გააჩნია, რა ხალხია. თუ რუსეთში ებრძვიან ტოტალიტარულ რეჟიმს, მაშინ აუცილებლად უნდა მივცეთ თავშესაფარი. მაგრამ თუ არიან კრიმინალები, ბანდიტები და ქურდები, მაშინ არავითარ შემთხვევაში. აი, ამ კითხვებს ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს პასუხი.

 

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): თავად რუსეთში ისეთი მძიმე ვითარებაა, რთულია, გაარკვიო, ეს მოქალაქეები ვინ არიან, დევნილები არიან იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას ებრძვიან, თუ კონკრეტული დავალებით მოდიან. ეს უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია სწორედ რუსეთის მიერ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია კითხვის მოტივიც. ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს ყველა უწყება, რათა დეტალურად დადგინდეს, ვინ რა მიზნით მოდის ჩვენს ქვეყანაში.

კრიმინალური არ უნდა გახდეს ეს ყველაფერი, თორემ თუკი შენს ქვეყანაში მოქლაქეთა ნაკადი შემოდის, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, არ სცდებოდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

 რეზო მიშველაძე (მწერალი): ეს კონკრეტული კითხვა საქართველოსთვის ძალიან დაგვიანებულია. თუ ამიერკავკასიის რეგიონს ავიღებთ, აზერბაიჯანში არ ცხოვრობს არც ერთი სომეხი და სომხეთში არ ცხოვრობს არც ერთი აზერბაიჯანელი. სამაგიეროდ, საქართველოში ცხოვრობს 300 000 სომეხი და ამდენივე აზებაიჯანელი.

ჩვენმა გაუთავებელმა და ზოგჯერ სულელურმა ტოლერანტობამ ჩამოაყალიბა ჩვენი სახელმწიფოებრივი ხასიათი. თუ საქართველოს ხელისუფლებას ჭკუის ნატამალი გააჩნია, ამის მერე მაინც უნდა შეხედოს გონივრულად საქართველოში მოქალაქეობის მთხოვნელთა სიას.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში. იმიტომ, რომ როდესაც ერთი სახელმწიფო მეორე ქვეყნის მოქალაქეს თავშესაფარს აძლევს, მან უნდა შეძლოს მათი დაცვა ყველა საშუალებით.

თუკი რუსეთი მოინდომებს მათი გაყვანის მიზნით ჩვენთან სპეცოპერაციის ჩატარებას, გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ დავიცვათ? მე ვფიქრობ, არა.

ჩაწერა სახელი