გვანცა ღვედაშვილი
(11.10.2017)

"საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტი ხშირად ირღვევა, თუმცა გუშინ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა," - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ მას შემდეგ, რაც გიორგი ალიბეგაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკრებულოში ოპოზიციონერი პარლამენტარები არ შეეშვა.

"თქვენ არ გქონდათ არავითარი უფლება, მიგეღოთ გადაწყვეტილება და დღეს მთელი სახელმწიფო მანქანა მობილიზებული ყოფილიყო საკრებულოს ირგვლივ და ისეთი დაცვა ყოფილიყო, რომ არავის გვქონოდა უფლება საკრებულოს შენობაში შემოსვლისა. რის საფუძველზე, ვისი ბრძანებით დახურეთ სხდომა ისე, რომ არავინ, მათ შორის, პარლამენტის წევრები დღეს ვერ ახერხებენ შენობაში შემოსვლას. ვისი ბრძანებით იყო და ახლაც არის სუს-ის თანამშრომლები შენობაში და ისინი უკანონოდ იღებდნენ ვიდეოკამერებით ადამიანებს, რომლებიც შენობასთან არიან. რომელი კანონის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა სამნიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პარლამენტარები სხდომაზე დასწრების შემთხვევაში არეულობას გამოიწვევდნენ.

სამართლიანი იყო თუ არა საკრებულოს გადაწყვეტილება დეპუტატების არშეშვებაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი): მე ერთი რამ მიკვირს: როდესაც დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, ვერც ერთმა მათგანმა პასუხი ვერ მიიღო. მე ეს არ მესმის, თავის მხრივ ძალიან კარგი ბიჭია და მე მომწონს ალიბეგაშვილი, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც დეპუტატები გისვამენ კითხვას იმ ქმედებაზე, რაც შენ განახორციელე და პასაუხის ვერ სცემ, ეს დაუშვებელია. საკრებულოს თავმჯდომარე ვადებულია, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვას, რომელსაც მას დეპუტატები დაუსვამენ, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება ეს პასუხი, მთავარია, კითხვას პასუხი გაეცეს.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): 50-50-ზე ვიტყვი, რადგან ფურცელზე დაწერილი კანონით დეპუტატებს ეკუთვნით საკრებულოში შესვლა, მაგრამ ალბათ საკრებულოშიც იყო ინფორმაცია, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს. ტრიბუნასთან დადგა ქალბატონი თავმჯდომარე ზურგშექცევით და დემონსტრირება გააკეთა თავისი პრონციპებისა. ალბათ იცოდნენ, რომ ასეთი და უარესი არეულობაც შეიძლება მომხდარიყო. არის კატეგორია, რომელიც ვა-ბანკზე მიდის, რადგან სხვა გზა არ აქვს. თუმცა, ყველაზე მეტად პოლიციელები მეცოდებიან, რადგან, ყველას მისარტყამ ჯოხს ისინი იღებენ ორივე მხრიდან.

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): საერთოდ გეტყვით, რომ არშეშვება სწორი მეთოდი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, არ ვიცი, რა ხდება.

 

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): დეპუტატების არშეშვება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, სამართლიანად ჩაითვალოს. როგორი განსხვავებულებიც არ უნდა იყვნენ ეს დეპუტატები, მათი არშეშვება დემოკრატიის პრინციპების დარღვევას ნიშნავს, მაგრამ მათაც ევალებათ ელემენტარული წესრიგის დაცვა მაშინ, როცა საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.

ჩაწერა სახელი