გვანცა ღვედაშვილი
(09.10.2017)

"პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით. თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება ასახული, მაშინ ვეტო დაიძლევა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თუმცა, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას 4 საკითხზე შეთანხმებას სთავაზობს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობად მიიჩნევენ.

"საქართველოს პრეზიდენტმა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ საკითხზე შეთანხმება შესთავაზა, რაც გულისხმობს: ბონუს მანდატების გაუქმებას, ბლოკების დაშვებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლას, პრეზიდენტის არჩევას პარლამენტის მიერ მას შემდეგ, რაც ის ორპალატიანი გახდება.

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული შეთავაზება არის გონივრული კომპრომისი და საკონსტიტუციო რეფორმის გარშემო ბოლო თვეებში არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

რა სახის ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საერთოდ უნდა დაადოს თუ არა? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 ამირან სალუქვაძე (ბრიგადის გენერალი): "კონსტიტუცია არაა უბრალო საკანონმდებლო აქტი. მისი მიღება უნდა მოხდეს შეთანხმებით, დათმობებით და ეს არაა მხოლოდ უმრავლესობის პასუხისმგებლობა.

"იმის მიუხედავად, რომ თავდაცვის ბლოკთან მაქვს შენიშვნები და ყველაფერი გავაკეთე ჩემი პოზიციის დასაფიქსირებლად, დღეს გვაქვს სამი მოსმენით მიღებული კონსტიტუცია, გვაქვს ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა და მაღალი შეფასებები, რაც ჩვენთვის უნდა იყოს მაღალი სტანდარტის დამადასტურებელი. შესაბამისად, მე, როგორც მოქალაქე, გულით მივიღებ ამ კონსტიტუციას, რადგან ის ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს.

"ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტმა, როგორც მოქმედი და შემდგომი კონსტიტუციითაც დამაბალანსებელმა, უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უზრუნველყოს კონსტიტუციის ისეთი მიღება, რომ უმრავლესობას არ მოუწიოს მისი ვეტოს გადალახვა. შესაბამისად, ვეტო უნდა დაადოს უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ნაწილში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ვენეციის კომისიის დასკვნისა და შეფასებების ახსნა, ფაქტობრივად, მისი უარყოფა. ერთხელ ხომ უნდა მივიღოთ კონსტიტუცია ნორმალურად?

"1995 წელს კონსტიტუციის მიღებას პრეზიდენტზე ტერაქტი მოჰყვა. შემდეგ პრეზიდენტს საერთოდ არავისთვის უკითხავს, 27 ცვლილება ისე შეიტანა და სახელმწიფო მოწყობა შეცვალა. ახლა მაინც მოახერხონ..."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ვფიქრობ, ახლა პრეზიდენტის მიერ იმ კონსტიტუციაზე ვეტოს დადება, რომელიც სამი მოსმენით არის მიღებული, არაფრის მომცემი არ იქნება. ეს უბრალოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის პოლიტიკურ ვნებათაღელვას ჩვენს ქვეყანაში.

"ჩემი მოსაზრებით, პრეზიდენტს მანამდე უნდა გაეკეთებინა ყველაფერი კონსენსუსის მისაღებად, სანამ ამ კონსტიტუციას მივიღებდით, თორემ ახლა ვეტოს არანაირი შედეგი არ ექნება.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "ვფიქრობ, პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ მოთხოვნილ ორ პუნქტს უნდა დაადოს ვეტო, რომ კონსენსუსისკენ გადადგმული ნაბიჯი მაინც იყოს.

"მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მაგრამ ამას კონსენსუსის გარეგნული იმიჯი მაინც ექნება. მე ზოგადად მშვიდობის მომხრე ვარ, არ შეიძლება ასეთი დაპირისპირებები და კინკლაობა."

 

 

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი):  "გააჩნია, პრეზიდენტი რა გზას აირჩევს. თუ პრეზიდენტი გაიზიარებს უმრავლესობის პოზიციას, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციასთან მთელი ეს მოლაპარაკებები, შეხვედრები და ურთიერთობა, რომელიც მას ჰქონდა, უნდა ჩაიშალოს. რა გარანტია უნდა მიიღოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიისგან, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, არ ვიცი.

"თუ არ გაიზიარებს მათ მოსაზრებას და თავისი შეხედულებით მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დარჩება ისევ ოპოზიციურ სპექტრთან კარგ ურთიერთობაში. საერთო ჯამში მნიშვნელვანია ის მომენტი, საიდან ამოვა პრეზიდენტი."

ჩაწერა სახელი