გვანცა წულაია
(05.10.2017)

სირიის საპარლამენტო დელეგაცია სოხუმში ჩავიდა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვდა, - ამის შესახებ სააგენტო "აპსნიპრესი" წერს.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილებოდა.

"სირიელი ხალხი საერთაშორისო ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. გვიხარია, რომ ამ წელიწადში აფხაზურ-სირიული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ჩვენ სხვადასხვა უწყების დონეზე ვთანამშრომლობთ. სირიაში შექმნილი სიტუაცია აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღელვებს", - განაცხადა კოვემ.

სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის კარგადაა ცნობილი ყველა ის მოვლენა, რაც ახლა სირიაში ხდება.

"აფხაზებმა წარსულში იგრძნეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენი ხალხი ახლა გრძნობს. ჩვენ დავინახეთ, რომ აფხაზური საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან კარგად არის ინფორმირებული და სოლიდარობას გვიცხადებს", - განაცხადა ზაიდმა.

შესაძლებელია თუ არა, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნოს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ქეთი ბექაური იურისტი): მე, როგორც გარედან დამკვირვებელი, გეტყვით, რომ გამორიცხული არაფერი არ არის. სირიის დელეგაციის ჩასვლას გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რთულად პროგნოზირებადია.

ჩემთვის მთავარია ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი წევრები საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებენ. მსოფლიოს ცივილური საზოგადოება ჩვენი ტერიტორიების მთლიანობას ცნობს.

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): ფაქტი, რომ სირიის დელეგაცია არარსებულ სახელმწიფოში ჩავიდა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა და რაკი სირიამ, როგორც ჩანს, თავისი ჩანასახოვანი პოლიტიკური ცოდნის პოზიციიდან გაბედა და აფხაზეთში ჩავიდა, ახლა ყველაფერია მოსალოდნელი.

არ გამოვრციხავ სიირის მიერ აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობას. მიკვირს, რატომ ვერ აცნობიერებს სირია, რომ იგი ამით მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს უპირისპირდება.

ამ ფონზე კიდევ უფრო სასაცილოდ ჩანს პარლამენტის ზოგიერთი წევრის ვოიაჟები მოსკოვში და იმედი იმისა, რომ პუტინის გულს ქართველთა ცრემლიანი თვალები გაალღობს.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): გამორიცხული არაფერი არ არის. არ ვიცოდი, მაგრამ, თუ უკვე ჩავიდა და რაღაც ურთიერთობის დამყარება სცადეს, ესე იგი უკვე ცნო, ასე რომ ვთქვათ.

 

 

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  ეს ძალიან დიდ პოლიტიკას შეეხება. თუ მსოფლიო პოლიტიკა დაუშვებს იმას, რომ დიდი ქვეყნის ცალკეულ რეგიონებს დამოუკიდებლობა მისცეს, ახლა არა, მაგრამ ალბათ ათ წელიწადში აფხაზეთის ჯერიც მოვა.

მაინც ვფიქრობ, რომ პროვოკაციაა. რუსეთს არ უნდა, აფხაზეთში თავისი ინტერესები მოადუნოს და ასეთი ჩასვლებითა და მოლაპარაკებებით მგონი, აფხაზეთში საზოგადოებას იმედის ნაპერწკალს აძლევენ.

ჩაწერა სახელი