გვანცა წულაია
(11.08.2017)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის გუბერნატორების გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. პროცესები როგორც მმართველობის სისტემაში, ისე პოლიტიკაში დინამიკურია.

"საბედნიეროდ, საქართველოში ის დრო დამთავრდა, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად საარჩევნო პროცესებში იყვნენ ჩართული.

"ეს მოვლენები საქართველოში, დიდი ხანია, აღარ ფიქსირდება. ასე, რომ საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას რამდენიმე დღეში დატოვებს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ პოსტი უკვე დატოვა.

რითია განპირობებული გუბერნატორების მასობრივი ცვლილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): მაინც მოახლოებულ არჩევნებს ვუკავშირებ. ზოგადად, იმას კი არ განვიცდი, რომ ვიღაცამ ვიღაც გაათავისუფლა ან მოხსნა, არა, ეს ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ მეცინება ხოლმე, ხელისუფლება არჩევნების წინ უკმაყოფილო რომ რჩება.

ზოგადად, ესენი მუდმივად არაპროფესიონალებს ნიშნავენ, ამ ორ გუბერნატორს არ ვგულისხმობ, საერთოდ ვამბობ. მერე არჩევნების წინ აღმოჩნდება, რომ ვიღაცის გათავისუფლება ხდება.

საქართველოში, მრავალი წელია, არაფერი არ იცვლება. ადამიანების კეთილდღეობიდან დაწყებული, დაპირებებით დამთავრებული, სამწუხაროდ, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, აჯობებდა, ეს გადაადგილება არჩევნებთან არ დაეკავშირებინათ. ყველა ოპოზიციური ძალა ამას კვალიფიკაციის მისაცემად აუცილებლად გამოიყენებს, რომ ეს არჩევნებთანაა დაკავშირებული.

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის უცხო არ არის. გუბერნატორების გადადგომაში ისეთს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარია, ადმინისტრაციული რესურსის და ა.შ გამოყენება არ მოხდეს.

იგივე ადრეც ხდებოდა და ამდენ შეკითხვას არ იწვევდა. ზოგადად, არჩევნები გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით უნდა ჩატარდეს და ალბათ იმიტომ გადადგნენ, რომ მათი ჩარევა არ მოხდეს. ეს ცუდი ჟესტი ნამდვილად არ არის.

 

 

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): რეალურად, ამის თქმა ძნელია. ცოტა შიდა სამზარეულოში უნდა იყო ჩახედული, რომ გაიგო მიზეზი. ჩემი ასტროლოგიური კუთხით მთავრობას ვურჩევდი, რომ 22 აგვისტომდე არავითარი სერიოზული გადაწყვეტილებები არ მიიღოს.

მით უმეტეს ახლა. ინტელექტის, გონების, გადაწყვეტილებების მიღების და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური უკან მოძრავი, რეპროგანტული ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას შეცდომების ალბათობა მატულობს.

თუ იმასაც დავამატებთ, რომ 7 აგვისტოს მთვარის მძიმე დაბნელება გვქონდა, ხოლო 21-ში მზის დაბნელება გველის, ამ მონაკვეთში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სასურველი არ იქნება.

მთავრობას ვურჩევდი, ყველანაირი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება გადადოს და ეს ყოველივე 22 რიცხვის შემდეგ გააგრძელოს.

ჩაწერა სახელი