გვანცა წულაია
(09.08.2017)

განმუხურში, სადაც "ჯემ ფესტი" მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ლიზერგიდის შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი მეტადონი, "ექსტაზის" შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დამნაშავემ ბრალი აღიარა.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გადასახედია.

შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო დღეების განმავლობაში ზუგდიდის საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი "ჯემ ფესტიდან" გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთი, 22 წლის გოგონა კი, 4 აგვისტოს გარდაიცვალა.

შექმნილი სიტუაციის ფონზე გადასახედია თუ არა საქართველოში ნარკოპოლიტიკა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ნარკოპოლიტიკა გადასახედია სწორედ საიმისოდ, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს. დასასვენებელ ადგილას ასეთი ტრაგედია როგორ შეიძლება?! ეს არის მთელი ქართული კულტურის, ერის მომავლის და ა.შ. დანგრევა. არ ვამბობ იმას, რომ ყველა ციხეში უნდა ჩააგდო, მაგრამ არ შეიძლება ჯაფარიძის იდეების გავრცელება და იმას აყოლა, რომ ნარკოტიკები დავუშვათ და თავისუფლად იყოს. აი, შედეგი. ამის გაკეთება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ჯაფარიძე კომენტარს რატომ არ აკეთებს? ისეთი პოლიტიკა უნდა იყოს, რომ ასეთი შემთხვევები არ მოხდეს. რა მეთოდებით და როგორ, ეს სამართალმცოდნეების და სამართალდამცველების საქმეა.

 მიხეილ ცაგარელი(ასტროლოგი): ეს "ჯემ ფესტი" თავიდანვე, როცა ჩვენთან გადმოიტანეს, გასაგები იყო, რომ ნარკომანებისა და ლოთების თავყრილობა იქნებოდა. ძალიან კარგად იცოდნენ, ეს რისი ფესტივალია და სინამდვილეში რატომ იმართება. გასაგებია, რომ სააკაშვილმა შემოიტანა, მაგრამ ამ მთავრობას რაში არგებს. ამ კითხვას მთავრობის უმაღლეს წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, დავუსვამ: "ჯემ ფესტს", რომელიც იციან, რომ ნარკომანიისა და ლოთობის ბუდეა, რატომ არ კრძალავენ? იმიტომ, რომ იქიდან დიდი ფული შემოდის, რომელიც ვიღაცას ხელს აძლევს. ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. ამდაგვარი სიბინძურე საქართველოს არ სჭირდება. მით უმეტეს, ქვეყანას უამრავი პრობლემა მოსაგვარებელი აქვს. პირველ რიგში, მთავრობისგან ზომებია მისაღები. ამ წმინდა მიწას ნუ დავაბინძურებთ. ესაა მთავრობასთან ჩემი თხოვნა და მიმართვა. მით უმეტეს ახლა, აგვისტოში, რომელიც კოსმიური კუთხით ძალიან მძიმეა. მზის და მთვარის დაბნელება გვაქვს, ძალიან მძიმე და უარყოფითი. ამ დროს ასეთი ფესტივალების საქართველოში ჩატარება ასე ფატალურად რომ დასრულდებოდა, ეჭვი არ შემპარვია. ვამბობდი, რომ ამას დიდი პრობლემები მოჰყვებოდა და ეს, სამწუხაროდ, გამართლდა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): ნარკოპოლიტიკის გადახედვა იმას ნიშნავს, რომ ან კანონი უნდა გამკაცრდეს ან დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს. უნდა დადგინდეს, ვინ იყო ამის რეალიზატორი. რა თქმა უნდა, კანონი მკაცრი ნარკორეალიზატორების მიმართ უნდა იყოს. ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი. ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს, რათა იქ მყოფი ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს ნარკოტიკის შეძენა და მოხმარება. უკონტროლო სიტუაცია არ უნდა იყოს.

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს. მომხმარებელთა მიმართ ძალიან დიდი სიმკაცრე საჭირო არ არის, რადგან, ჩემი აზრით, ეს ხელს შეუწყობს, რომ უფრო კრიმინალიზებული გახდეს. გამსაღებლებზე და შემომტანებზე, რა თქმა უნდა, არავითარი შემსუბუქება არ შეიძლება. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს, რა ნარკოტიკია - ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს.

 

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არა ამის ფონზე, არამედ, ზოგადად, საქართველოში ნარკოპოლიტიკა გადასახედია. არ ვიცი, ნარკოტიკების შეტანის კონტროლი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე რანაირად შეიძლება მოხდეს. ამისთვის მომხმარებლის დაპატიმრება ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ გამავრცელებელი ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს. თუ ამას ჩვენი ახალი კანონი, რომელზეც ახლა საუბარია, გაითვალისწინებს, ძალიან კარგი იქნება.

ჩაწერა სახელი