გვანცა წულაია
(07.08.2017)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციას.

პრეზიდენტის ამ განცხადებას მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების სხვა შტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-სთან ურთიერთობის ახალი ფორმატის შემოღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

მისაღებია თუ არა პრეზიდენტის ინიციატივა, რომ აშშ-ს ჰყავდეს სპეცწარმომადგენელი საქართველოში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "საერთოდ, ასეთი მლიქვნელობა და შეძრომა აუტანელია, ვის მიმართაც უნდა იყოს. ბარემ ეგზარქოსი მოითხოვონ და თვითონ სახლებში წავიდნენ. ეს რა უბედურებაა. საერთოდ, ასეთი მონური მორჩილება, გინდა პარტნიორი და გინდა დამპყრობელი დაარქვი, რა უბედურებაა.

"ტრაგედიაა, რომ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები არიან, რომელთაც ასეთი უღირსი მოთხოვნა აქვთ. ერთ-ერთი მარგველაშვილია."

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "აშშ-ს ძალიან დიდი საელჩო აქვს, ელჩი ჰყავს, ასევე, საელჩოს პერსონალი. მგონი, ეს სავსებით საკმარისია, რომ მისი პოლიტიკა საელჩოს მეშვეობით განახორციელოს. წარმომადგენლის ყოლა რატომღაც ისეთ დროს მაგონებს, როდესაც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლებიდან სადღაც სპეციალური წარმომადგენელი იგზავნებოდა. ეს ფორმატი სწორად არ მიმაჩნია."

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ზოგადად, ინიციატივა მომწონს და მაფიქრებს, ჩვენი ქვეყნისთვის რამდენად პერსპექტიულია. მთავრობის მაგისტრალურ ხაზთან აბსოლუტურ თანხვედრაში არ არის. მარგველაშვილი ჯერ მთავრობასთან უნდა შეთანხმებულიყო და ინიციატივა მერე შეეთავაზებინა. თანხვედრაში რომ არ არის, იქიდან ჩანს, რომ კვირიკაშვილსაც ეს ინიციატივა ჰქონდა. უბრალოდ, მას მარგველაშვილმა დაასწრო. მაგრამ მერე რა, რომ დაასწრო? მთავარია, ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს."

 

 რეზო მიშველაძე(მწერალი): "აშშ-ის ელჩი, ფაქტობრივად, თითქმის ორი ათეული წელია, საქართველოს განაგებს. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ელჩის სურვილის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოც კი უძლურია. მეტიც, საქართველოში ამერიკის საგანგებო წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე არიან. მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ ჩვენ, კარგა ხანია, დასავლეთი პრეზიდენტობანას, პარლამენტობანას და პრემიერ-მინისტრობანას გვათამაშებს.

"სიმართლე თუ გნებავთ, მარგველაშვილის წინადადება, რომ საქართველოში აშშ-ის წარმომადგენელი დაინიშნოს, ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სრული უნდობლობაა. კიდევ ერთი საგანგებო წარმომადგენლის დანიშნვა ბიუროკრატიულ აპარატს გაზრდის.

"მაგრამ აშშ-სთან კიდევ ერთი დამაკავშირებელი პირდაპირი პირი ცუდი არ იქნება. მიზანი, რა თქმა უნდა, რუსეთის მოახლოებული აგრესია და საქართველოს მხარის შიშია, მაგრამ როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე ამერიკის ელჩი და ახლად დანიშნული რწმუნებული ჩირგვებში კურდღლებივით მიიმალებიან, როგორც კი 25 კილომეტრში მდგარი რუსული ტანკები საქართველოს წინააღმდეგ დაიქოქება."

ჩაწერა სახელი
ლი (08.08.2017)
ამ ფსიქოპატ ქალს მოეშვით, თავი დაანებეთ რუსეთის გამოკვეთილ აგენტს -კაკაბაძეს, ამ ყოვლად სინდისგარეცხილ დედაკაცს, ყველაფერზე წამსვლელს, თუნდაც ციანიდის ერთი ფაქტიც საკმარისია, რას არ კადრულობს ეს შუბლძარღვგაწყვეტილი დედაკაცი>