გვანცა წულაია
(18.04.2017)

გავლენიანმა შვეიცარიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში, დაცულობისა და უსაფრთოების კუთხით, საქართველომ 136 ქვეყანას შორის, 29-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნული ანაგირიშის მიხედვით, ეს ქვეყნისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 2011 წელს საქართველო 47-ე ადგილს იკავებდა. 2015 წლის, წინა ანგარიშთან შედარებით, ქვეყანამ პოზიცია სამი პუნქტით გააუმჯობესა და 32-დან 29-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დაცულობისა და უსაფრთხოების რეიტინგს ქვეყნებში სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ადგენს. მათ შორისაა, ბიზნესზე, კრიმინალსა და ძალადობის გავლენის ინდექსი.

აღნიშნული ინდექსის მიხედვით, ქვეყანა 2011 წელს 41-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2015 წელს კი - 29-ე ადგილზე. საქართველო ამჯერად 23-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ქალაქ დავოსში, ყოველწლიურად, უმსხვილესი ბიზნესისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პროფილის მქონე ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით, შეხვედრებს მართავს.

ფორუმის მონაწილეები მსოფლიოში არსებულ პრობლემატურ საკითხებს განიხილავენ და ბიზნესის განვითარების, უსაფრთხოებისა და ტურიზმის კუთხით, ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობენ.

რამდენად დაცული და უსაფრთხოა საქართველო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  საგარეო კუთხით მგონია, რომ უსაფრთხოა. 2008 წლის მოვლენების გამეორება მოსალოდნელი არ იქნება, თუ სწორი პოლიტიკა გვექნება.

რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, მას მერე, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ბრძოლაა, რომელიც ალბათ გარკვეული პერიოდის მანძილზე გაგრძელდება. შეიძლება, ქვეყნის სტაბილიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუშალოს, მაგრამ ფატალური საფრთხის მომტანი არ იქნება.

 

 გოგი თორაძე რეჟისორი):  ერთი შეხედვით ჩანს, რომ დაცული ვართ. არავინ არ გვაწუხებს. წინასწარ თუ რამე მზადდება, არავინ იცის. ღმერთმა გადვიფაროს რამე არეულობისგან. ქვეყანა რამდენად უსაფრთხო იქნება, იმ სამსახურებზეა დამოკიდებული, ვისაც ეს ავალია.

 

 

 

 იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი):  მსოფლიოში, მით უმეტს ჩვენს რეგიონში, არც ერთი ქვეყანა უსაფრთხო არაა. ყველამ ვნახეთ, 2008 წელს რა დაგვემართა. მდგომარეობა მეტ-ნაკლებად შეიცვალა. ღიად არავინ არ გვემტერება.

ის კურსი, რომელსაც ხელისუფლება აგრძელებს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებასთან ვერ მიგვიყვანს. იმდენი უნდა გავაკეთოთ, რომ უსაფრთხოება მეტი იყოს და არა ნაკლები.

ამ კუთხით, წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. საუბარი, რომ ატლანტიკური სივრცე გაგვათავისუფლებს და ეს "ქოლგა" ნატო-ს სახით იქნება, აბსოლუტური ტყუილია. ასე როდემდე გაგრძელდება - არ ვიცი.

 

 ლელა ოჩიაური (კინომცოდმე):  მგონი, რომ დაცულია. გარე პრობლემები ნაკლებად არის. ერთადერთი საშიშროება რუსეთია, რომლისაგან თავდაცვის საფრთხე ყოველთვისაა. იმას, რომ ქვეყანა დაუცველია და ნორმალური ჯარი თუ არმია არ ჰყავს, ნამდვილად ვერ ვიტყვი.

 

 

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი):  არ გამკვირვებია, რომ ასეა. ვინმეს მიმართ აგრესული ქვეყანა არ ვართ. რაც მთავარია, არ ვართ ის ქვეყანა და ხალხი, რომელსაც რომელიმე ქვეყანაზე დიდი პოლიტიკური ზეგავლენა ჰქონდეს.

ჩვენთვის ვართ ჩაკეტილები და ჩვენს თავზე ვფიქრობთ. იმ ქვეყნებს არ შევადგენთ, სადაც ცუდი მდგომარეობაა და ხალხი დაბოღმილია. ამ ქვეყნებიდან ტერორისტები გამოდიან. ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს, რადგან კეთილშობილი და მოსიყვარულე ხალხი ვართ. ღმერთის წყალობით, ტერიტორიულად, ისეთი ადგილი გვაქვს, რომ უსაფრთხოდ ვართ.

ჩაწერა სახელი