გვანცა წულაია
(14.04.2017)

საპარალმენტო არჩევნების დროს ბლოკებისა და კოალიაციის შექმნა იკრძალება, ამასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ახალ პროექტშია საუბარი, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მათ ამის გამო საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

საკონსტიტუციო კომისიის წევრის, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის თქმით, "ქართული ოცნება", რომელიც ხელისუფლებაში კოალიციის სახით მოვიდა, ახლა კოალიციების აკრძალვას გეგმავს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებას", თუ რამის ეშინია, ეშინია პოლიტიკური გაერთიანებების, ბლოკების და ხედავს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება მისი დამარცხება", - ამბობს ახვლედიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ამით პარტიებს განვითარების შესაძლებლობას აძლევენ.

"ყველა პარტიისთვის, რომელიც დღეს უმრავლესობაში შედის, სურვილის შემთხვევაში, გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე პოლიტიკურ სცენაზე, ძალიან მაღალი თამასაა აწეული. ეს არის კარგი მოტივატორი პარტიის განვითარებისათვის", - აღნიშნა ძიძიგურმა.

ეთანხმებით თუ არა ბლოკების გაერთიანების აკრძალვას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  ბოლომდე არ ვეთანხმები. სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ უნდა მოხდეს საბოლოოდ გაუქმება, ვერ მოვისმინე. ზოგადად, ეს პროცესი და ბევრი რამ, რაც დღეს ქვეყანას ცხოვრებისეულ წინსვლაში ხელს უშლის, თუ მეტად იქნება წამოწეული, იქნება კარგი.

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): ვეთანხმები, რადგან პარლამენტში ისეთი პარტიები ხვდებიან, რომლებიც უფრო ძლიერად რომ არ შეკავშირებულიყვნენ, ვერასდროს ვერ მოხვდებოდნენ იქ.

თუ პარტია ძლიერია, კეთილი ინებოს და ხალხს დაუმტკიცოს, რომ ჰყავს ადამინები, რომელიც მათ მხარში უდგანან. თავდაჯერებულები არიან, მაგრამ 2%-საც ვერ აგროვებენ. უკვე სირცხვლია. არჩევნებში 40-50 პარტია ღებულობს მონაწილეობას.

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ზოგადად არ ვეთანმხმები. მგონია, პარტიებს ბლოკებად გაერთიანების საშუალება უნდა მიეცეთ. შეზღუდვა არ უნდა იყოს. ეს დემოკრატიული პრინციპია და გაერთიანების უფლება ყველას აქვს.

 

 

 

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  ბლოკების გაერთიანების გაუქმებას ვეთანხმები. "ქოცები" სათავეში ბლოკით მოვიდნენ და ახლა აღარ აწყობთ? ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მათ ხელში აღებულ პოლიტიკური მონოპოლისტობას შეარყევს. თორემ, რეალურად ქვეყანაში რამე ცვლილებები და წინსვლა არ იქნება.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ვეთანმხები. ყველამ პლიუსი და მინუსი თავის თავზე უნდა აიღოს. თუ ხმებს ვერ დააგროვებენ, მინუსი თავის თავში ეძებონ, თუ პირიქით მოხდა და ბარიერზე მეტიც მიიღეს, მაშინ გამარჯვება თავის თავზე აიღონ და არა ვიღაცის "გადმოდგებულით".

ჩაწერა სახელი