გვანცა წულაია
(11.04.2017)

არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა კონსტიტუციით გარანტირებული იყოს. ამის შესახებ ისინი სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილ ინიციატივას უარყოფითად ვაფასებთ. შემოთავაზებული ფორმულირებით საკონსტიტუციო ჩანაწერი ჰომფობიურ ხასიათს ატარებს და ხელს შეუწყობს ლგბტ პირების მიმართ ნეგატიური განწყობის გაძლიერებას. "კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მნუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყნაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით აუცილებელია, პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორების, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად.

"გასული წლების განმავლობაში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონსტიტუციაში აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვის თუ ჰომოფობიურ განწყობაზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა.

"საგულისხმოა, რომ არაერთი წელია, ტრადიციული ოჯახის დაცვის და ერთი იმავე სქესის ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება რუსული და ანტიდასავლური ნარატივის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულ ინიციატივას ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ესენია: თანასწორის მოძრაობა, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, კავშირი "საფარი" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი. უნდა მოხდეს თუ არა ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ამ საკითხში კომპეტენციით არ გამოვირჩევი. იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც კაცი და ქალი იცის. მამაჩემის თაობის დროს არ მახსენდება, მსგავსი რაღაცები ხასგასმით დაწერილიყოს, ან პირიქით.

ჩვენს მამებს და დედებს საერთოდ არაფერი რომ არ ეწერათ, მაშინ ხომ კაცების და ქალების ოჯახი იყო. ვერ ვიტან, როდესაც ხაზს ძალიან უსვამენ, ან არ უსვამენ. საქართველო იმ ტიპის ქვეყანაა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარი ვერ იქნება. ინსტიტუციურად სხვა ქვეყანაა. ქორწინება ქალის და მამაკაცის არის.

ხანდახან ვფიქრობ, ამ თემას არასამთავრობოები ხელოვნურად ხომ არ წევენ. სულ მგონია, რომ ყურადღების გადასატანად შემოაქვთ. ეს თემა თითიდან გამოწოვილია. არასამთავრობოებისგან და ხელისუფლებისგან ხელოვნურად შემოგდებული თემაა. არც ერთ მხარეს მსგავსი თემები არ სჭირდება.

არამხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას ვერ შეიტან. არასწორად მიაჩნიათ. თუმცა ძალიან ლოიალური ვარ და მათ მიმართ გამოწვეულ აგრესიას ვერ ვიტან. ჩემთვის ქართული კულტუროლოგიის ისტორიაში 17 მაისი სამარცხვინო ლაქა იყო. სამღვდელოება და მათი მომხრეები სამარცხვინოდ იქცეოდნენ. ეს ყველაფერი ინსპირირებული და ხელოვნური მგონია. ასე ისტერიულად რატომ უნდა ჩაიწეროს?

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  ნორმალური დრო და ეპოქა რომ იყოს, ამის ჩაწერა, რა თქმა უნდა, უხერხული იქნებოდა. დავით აღმაშენებლის დროს თავი რომ დავანებოთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ერეკლე მეფის დროს ვინმეს ეს საკითხი სამეფო დარბაზის წინაშე რომ დაეყენებინა, მეფე სიცილით მოკვდებოდა და იტყოდა - რა თქმა უნდა, ოჯახი კაცისა და ქალისგან უნდა შედგებოდესო. მაგრამ ახლა მთელ დედამიწაზე უკუღმართი დროა. ბევრი რამ გაუკუღმართდა. მსოფლიომ არაერთი სახელმწიფო იცის, სადაც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი უკვე მიიღეს. ეს სენი ჩემთვის სრულიად დაუჯერებლად და, სამწუხაროდ, მაგრამ იშვიათად საქართველოშიც შეინიშნება.

კონსტიტუციაში ისეთი ჩანაწერის გაკეთება დასაშვებია, რომელიც ერთსქესიანთა საშინელი მოდისგან დაგვაზღვევს. ყოველმხრივ შემკული ვართ და ისღა გვაკლდა, იმის მტკიცება დაგვჭირვებოდა, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცისგან შედგება.

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  ჩემი აზრით, ოჯახი ქალისა და მამაკაცისგან უნდა შედგებოდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს - ბოდიში.

 

 

 

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე):  ქორწინებაზე კონსტიტუციის განსაზღვრა უნდა მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებს რაც შეეხება, სრულიად აქვთ უფლება, თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ. ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის ალბათ ძალიან დიდ ნაწილს. თუ საქართველოს მოსახლეობისგან პარლამენტს ასეთი შეკვეთა მიღებული აქვს და პირობა დადეს, რომ შეიტანდნენ, მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ.

ჩაწერა სახელი