თიკო ოსმანოვა
(10.04.2017)

"არაერთი კვლევა, შიდა თუ უცხოური, მიანიშნებს, რომ ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ არის მცირე, ხალხი არ ენდობა სასამართლო სისტემას", - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლოში კრიზისია და გიორგი მარგველაშვილმა აქცენტები ყოველწლიურ ანგარიშში სწორად დასვა.

"ხალხმა კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების დასაცავად. მაგრამ, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ რეალობას. ეს რეალობა არის ის, რომ არაერთი კვლევა, შიდა იქნება ეს თუ უცხოური, მიანიშნებს დღითიდღე, რომ ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ არის მცირე. ხალხი არ ენდობა სასამართლო სისტემას. სხვათა შორის, ეს ხელისუფლების სწორედ ის შტოა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სანდოობა და ავტორიტეტი. ამას რამდენიმე ფაქტორი აქვს, მათ შორის, არაერთი მითითება სტრასბურგიდან - იქნება ეს ის საკითხი, თუ ვინ იქნება ჩვენი მოსამართლე, თუ იქნება ეს ის საქმეები, რომლებსაც საქართველო სტრასბურგში წარადგენს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძის განცხადებით კი, "სასამართლოს გვერდში უნდა დავუდგეთ და თუ არ დავუდგებით, ხელი არ უნდა შევუშალოთ მის განვითარებას".

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ის პრინციპულად ვერ დაეთანხმება პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს სასამართლოს და, ასევე, რამდენი დავა აქვთ წაგებული სახელმწიფოს და ადმინისტრაციულ ორგანოებს სასამართლოში.

ენდობით თუ არა სასამართლოს? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია მურღულია (ფილოლოგი): "რიგ შემთხვევაში ვენდობი და რიგ შემთხვევაში - ნაკლებად. თუმცა, წინა წლებთან შედარებით, პროგრესი აშკარად შეიმჩნევა."

 

 

 

 

 ჟანრი ლოლაშვილი მსახიობი): "უნდობლობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ყველა უნდა ენდობოდეს, მაგრამ მთავარია თვითონ სასამართლოს მიდგომა ადამიანების მიმართ. მე ვენდობი, მაგრამ მეორე საკითხია, ამართლებს თუ არა ამ ნდობას ქართული მართლმსაჯულება."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "ქართულ სასამართლოს ბოლომდე არ ვენდობი. ძალიან ბევრი საკითხი არ წყდება ისე, როგორც უნდა გადაწყდეს. წინა წლებთან შედარებით ვითარება გამოსწორებულია, თუმცა ისე არა, როგორც ველოდი."

 

 

 

 ნოდარ ნათაძე ("სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე): "რა თქმა უნდა, არ ვენდობი. ეს არის პრიმიტიული და კორუმპირებული სისტემა. ბევრი სამოქალაქო ხასიათის სასამართლო მაქვს გავლილი და მხოლოდ ერთი პატიოსანი მოსამართლე მახსოვს."

 

 

 

 ლევან ღვინჯილია (ფილოლოგი): "ზოგ მოსამართლეს ვენდობი, ზოგს - არა. ამდენად, ზოგადად ერთიანი დასკვნის გაკეთება ძნელია. გააჩნია მოსამართლეთა შემადგენლობას. ზოგი მოსამართლე ასრულებს დაკვეთას, ზოგი კი შინაგანი რწმენით მოქმედებს და თუ ეს შინაგანი რწმენა შესაბამის ცოდნაზე არ არის დამყარებული, მაშინ შედეგი არის სავალალო.

"მოსამართლეთა კორპუსშიც ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც სრულად არ არის დაუფლებული თავის საქმეს. ნიჭიერი და უნიჭო არის ყველგან, ცუდი და კარგი სპეციალისტი ყველა დარგშია, ასევეა სასამართლო სისტემაშიც."

ჩაწერა სახელი
томи-рами (10.04.2017)
ак турме меоре пилологиц игиве азрзеа мургулия !!!!!!!!!!!!!!

тоии-рами (10.04.2017)
рас нишнавс батоно гвинджилия зогс ки зогс ара?? ромелиц гацкобс ки ромелиц ара ара!!!!!!!!!!!!!!!!!!! шенистана пилологеби ром кавс квеканас исаа убедуреба.