ნინო ქეთელაური
(16.03.2017)

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე, საკონსტიტუციო კომისიის წევრები ისევ ვერ თანხმდებიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივა არსებობს. მათ შორის, "ქართული ოცნების", "დემოკრატიული მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წინადადებები. მათი კანონონპროექტების მიხედვით, უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა უნდა აიკრძალოს.

"ქართული ოცნების" დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისია თანხმდება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვა ნორმალურია, თუმცა გადაწყვეტილი არ არის, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს საკითხი კონსტიტუციაში.

როგორც დეპუტატი ამბობს, გარკვეული შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ნორმალურია და ეს ბევრ ქვეყანაშია მიღებული.

"მე მგონი, კომისია ამაზე თანხმდება, თუმცა რამდენად მძიმე იქნება ეს შეზღუდვები და ჩაიწერება თუ არა ეს კონსტიტუციაში, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, ამიტომ ამ საკითხთან მიბრუნება დაგვჭირდება," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

აღნიშნულ კანონპროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც ოპოზიციის ნაწილი, ისე არასამთავრობო ორგანიზიაციის წარმომადგენლები.

უნდა აიკრძალოს თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): მიწების გასხვისების მაინცდამაინც არ მეშინია და არ მიმაჩნია, რომ ამით რაიმე გვემუქრება იმიტომ, რომ უცხოელები ამას ვერსად წაიღებენ. პირიქით, შესაძლოა, ჩვენზე კარგად მოუარონ და ქართველებიც დაასაქმონ. მით უმეტეს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ისევ საქართველოს მოხმარდება და რატომ უნდა აიკრძალოს, ვერ ვხდები.

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არ ვეთანხმები მიწების გასხვისებას იმიტომ, რომ გაჭირვებულ ადამიანს, შესაძლოა, წაუცდეს ხელი და გაყიდოს, შესაბამისად, დარჩეს უსახლ-კაროდ და უმიწოდ. თავის დროზე, რომ არა ოქტომბრის რევოლუცია, ქართველი კაცი უმიწოდ დარჩებოდა და შეიძლება ახლაც იგივე მოხდეს.

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ვფიქრობ, რომ ისეთ მცირემიწიან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

 

 დოდო ხურცილავა ხელოვნებათმცოდნე):  შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ გასხვისება არ უნდა ხდებოდეს. ამჟამად საქართველოში ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შესაძლოა, გლეხებს მიწის გაყიდვა მართლაც დასჭირდეთ და მერე აღმოჩნდეს, რომ მყიდველ უცხოელებს ეს მიწები სრულიად სხვა მიზნებისთვის უნდოდეთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, არასწორია გასხვისება, განსაკუთრებით, საზღვრისპირა რაიონებში.

 

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვა, სრული სისულელეა და ეს ქართულ ეკონომიკას კიდევ უფრო უკან დასწევს, რადგანაც უცხოელების მხრიდან ინვესტიციების ჩადება შემცირდება.

ჩაწერა სახელი