ნინო ქეთელაური
(03.03.2017)

შესაძლოა, პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა აღარ მიეცეთ. აღნიშნული ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის და ის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში უკვე გაწერილია. ამავე ცვლილების მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ დამოუკიდებლად მოუწევთ.

ამასთან დაკავშირებით როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, საარჩევნო ბლოკების არსებობა და გამოყენება არასწორი მიზნით ხდება და შედეგი საპარლამენტო დემოკრატიისა და მრავალპარტიული დემოკრატიის გაუმჯობესება არ არის.

"ბლოკების არსებობა პარტიებს საშუალებას აძლევს, ეს მექანიზმი გარკვეული მანიპულაციებისა და დამატებითი დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ. შემიძლია დავასახელო რამდენიმე ბლოკი, რომელში შემავალი პოლიტიკური ძალების შესახებ საზოგადოებამ არც კი იცის", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

უნდა ჰქონდეთ თუ არა პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მე ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა პარტიებს უნდა ჰქონდეთ, რადგან დღეს პრაქტიკულად, ორპარტიული სისტემა ჩამოყალიბდა. საზოგადოება კი მესამე ძალას ეძებს.

ჯერჯერობით ეს წვრილი პარტიები ძალიან სუსტად გამოიყურებიან, როგორც რაოდენობრივად, ისე ინსტიტუციურად, ფინანსურად და ა.შ და მათ არ აქვთ რესურსი, რომ ეს ორთაბრძოლა რაღაცნაირად დააბალანსონ.

ასე რომ, ჩემი აზრით, კოალიციები და ბლოკები საჭიროა. სხვა საკითხია, მერე პარლამენტში როგორ მოიქცევიან, მაგრამ არჩევანი უნდა გაფართოვდეს და უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური მენიუ უნდა არსებობდეს.

 

 თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): ჩემი აზრით, პარტიებს უნდა ჰქონდეთ გაერთიანების უფლება, მაგრამ მასში დაშლის მექანიზმიც წინასწარ უნდა იყოს ჩადებული.

 

 

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ყველა გადაწყვეტილებას თავისი არგუმენტაცია აქვს და მე გამიჭირდება, რომ პირდაპირ გიპასუხოთ, თუ რა არგუმენტაცია ჰქონდა პარლამენტს, როდესაც ამაზე ფიქრობდა. ალბათ, ამას ასაბუთებენ კიდეც.

ევროპის ქვეყნებშიც არის ასეთი გამოცდილება, მაგრამ ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა იყოს აკრძალვა. კონკრეტულად მმართველ გუნდს რა არგუმენტაცია აქვს, არ ვიცი.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  მე ვფიქრობ, ეს დემოკრატიული პროცესების შეზღუდვაა და ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ქმედება. რა თქმა უნდა, სწორად არ მიმაჩნია.

 

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ეს ინიციატივა სწორად არ მიმაჩნია. თუ არჩევნები დემოკრატიულია, პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, უნდათ, ბლოკებად ჩამოყალიბდნენ, უნდათ, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა.

ჩაწერა სახელი