გვანცა წულაია
(28.02.2017)

ე.წ ციანიდიას საქმე კვლავ მთავარი განხილვის თემაა. ოპოზიცია პროკურატურას საქმის გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ბევრი კითხვის ნიშანია, რომელსაც პასუხი დროულად უნდა გაეცეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" საქმის გაჭიანურებაზე საუბრობენ. პარტიის ლიდერების აზრით, დაცვისა და ბრალდების მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. ნიკა რურუა მამა გიორგი მამალაძეს ხელისუფლების ტყვეს უწოდებს.

"პატიმარი კი არა, ტყვეა ხელისუფლების და ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ხელებს აფათურებს, რაც სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, საინტერესოა, რა აქვს სათქმელი იმ ადამიანს, რატომ არის ის პატიმრობაში რეალურად და საერთოდ რას ემსახურება ეს ნახევრად ფანტასტიკური სიუჟეტი, რომელიც ციანიდის საქმით არის ცნობილი", - განაცხადა ნიკა რურუამ.

ოპონენტთა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება ადვოკატებს აქვთ და თანასწორობის პრინციპი არ დარღვეულა, ისევე როგორც დაკავებულის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფპცია.

"რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, მათ შორის დაცვის მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა შეკითხვებზე თუ პროცედურულად იყოს მონაწილე ამ საკითხში. ბოლო ხანში ვისმენ ძალიან ბევრ სპეკულაციას, რომელიც გულისხმობს და სურვილი არის ყოველ შემთხვევაში, რომ პოლიტიკური შინაარსი მიეცეს ამ საკითხს.

"მე ვფიქრობ, პოლიტიკოსები უნდა გავჩუმდეთ ამ თემასთან დაკავშირებით და უნდა მიეცეს საშუალება საგამოძიებო ორგანოს, ჭეშმარიტება დაადგინოს საქმეზე", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ზაზა გაბუნიამ.

რამდენად დამაჯერებელია ოპოზიციის განცხადება, რომ ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ერევა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  საერთოდ ხელისუფლება ყველაფრის მიმართ ყურადღებით უნდა იყოს, რომ რამე შეცდომა არ გაიპაროს, ან რამეს გადამეტება და გადაფასება არ მოხდეს. ოპოზიციამ თავის ხელის ფათურს მიხედოს და ყველაფერი კარგად იქნება.

თუ ორივე მხარე გაჩერდება, სამართალი გზას იპოვის. სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, იმ დოზით უნდა ჩაერიოს, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტი არ გაფუჭდეს. რამე ტყუილი არ გაიპაროს, რომელსაც არაკეთილმოსურნეები სათავისოდ გამოიყენებენ.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  საერთოდ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ოპოზიციის ბრალია. ეკლესიის სფეროში სწორედ მათ შეიტანეს სერიოზული გარდატეხა. იქ თავიანთი ხალხი გაიჩინეს, რომლებმაც სერიოზული ცვლილებები შეიტანეს.

აქედან გამომდინარე, პატრიარქის საწინააღმდეგოდ რაც ხდება, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამქაშების დამსახურებაა. რასაკვირველია, ოპოზიციას ეს ამბავი აწყობს, რადგან მათთვის ყველაზე კარგია, ქვეყანაში რაც უფრო არევს სიტოუაციას.

ასევე, ეკლესიაში თავისი დამქაშების წინა პლანზე წამოწევას რაც უფრო მეტად შეძლებენ, რელიგურ სფეროში დიდი დასაყრდენი ექნებათ, საიდანაც ამ მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას შეძლებენ.

მათ ინტერესებში სწორედ ის არის, რასაც ახალა აკეთებენ. ამდაგვარ ბინძურ და ჭუჭყიან საქმეებში დიდოსტატები არიან. არ დაგვვიწყებია, თავის დროზე ძალიან სერიოზული რელიგიური მოღვაწეები როგორ გადაიბირეს.

საპატრიარქოში რაც ხდება, სწორედ მათმა მოქმედებამ გამოიწვია. უნდათ თავისი ძალების გაძლიერება სინოდში და საპატრიარქოში. შემდგომ ექნებათ რელიგიური მხარდაჭერა, რომელსაც პატრიარქის გამო ახლა ვერ ღებულობენ.

მათ თავისი პატრიარქი და ძალები უნდათ. დიდი ხანია ეკლესიის სათავეში სხვა პირის ჩადგომა სურთ. ადრეც უნდოდათ, თუმცა საკმარისი ძალები არ გააჩნდათ. ერთიანი ეკლესიური სიტუაცია ორ ნაწილად გაყვეს. აქედან გამომდინარე, მათ ახლა ხელს ვინ უშლის? - პარტიარქი, მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.

 გია ბუღაძე (მხატვარი):  არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როდესაც ხელისუფლება არ ჩარეულიყო ეკლესიის საქმეებში. ხელისუფლების ჩარევა ყოველთვის ხდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი უფრო ღიად ჩანს, რადგან ისინი კონსტიტუციური უმრავლესობანი არიან და არაფრის შიში და რიდი არ აქვთ.

საოცარ რამეებს ჩადიან, თუმცა არავინ არაა ხმის ამომღები. გულწრფელად მეცოდება ჩვენი პატრიარქი, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): ძნელი სათქმელია. არ შემიძლია რამე ვთქვა, რადგან ინფორმაცია სასვებით ნათელი არ არის. არა მგონია, რადგან ეკლესიისგან ხელისუფლებისადმი უკმაყოფილებას ვერ ვხედავ. როდესაც ასეთ განცხადებებს ავრცელებენ, ეკლესია უნდა იყოს დაზარალებულია, თუმცა ეკლესია ხელისუფლების უკმაყოფილო არ არის.

პირიქით ეკლესია როგორც აცხადებს, გამოძიებას მხარს უჭერს. ამიტომ ასეთი განცხადება რამდენად დამაჯერებელია, არ ვიცი. ე.წ ხელების ფათური რაღაც პროტესტს გამოიწვევდა.

ჩაწერა სახელი