ნინო ქეთელაური
(27.02.2017)

როგორც დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, ქალაქის მერს დავით ნარმანიას ოთხშაბათამდე აქვს ვადა, რათა საკრებულოში მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

სხდომაზე ოპოზიცია მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის განკარგულების გაუქმების საკითხის განხილვას და დავით ნარმანიასგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.

"ჩვენ ნარმანია თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გვყავს მოწვეული და მას აუცილებლად მოუწევს მოსვლა და კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს არის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული და თუ ნარმანია კანონს დაარღვევს, ეს იქნება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აქვს ოთხშაბათამდე ვადა, რათა საკრებულოში მობრძანდეს", - ამის შესახებ ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისის" დეპუტატმა მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.

უნდა მივიდეს თუ არა ოპოზიციის მიერ დაბარებული თბილისის მერი საკრებულოში? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  "ნარმანიას საკრებულოში დაბარება არ არის საკრებულოს ყველა ფრაქციის და წევრის მოთხოვნა. ეს არის ერთი ჯგუფის კაპრიზი, რომელსაც შოუს დადგმის სურვილი აქვს და თანაც უნდათ, რომ ქალაქის მერს უღირსი სიტყვებით გაუმასპინძლდნენ.

"მაგრამ ნარმანია ვალდებული არ არის ყოველ დაძახებაზე, საკრებულოს წინაშე გამოცხადდეს და ბრალდებულივით პასუხი გასცეს ყველა საქმიან თუ უსაქმო კითხვას. რამდენადაც ვიცი, მისი განრიგი ძალიან დატვირთულია და მერს სპეციალური დრო აქვს გაწერილი, თუ როდის უნდა შეხვდეს საკრებულოს წევრებს.

"ასე რომ, მე არ მიმაჩნია სწორად ნარმიაას დაბარება ახირებულ ხასიათზე დამდგარი ერთ ჯგუფის მიერ. ის თავის საქმეს კარგად აკეთებს და აცადონ."

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  "აუცილებლად უნდა მვიდეს. ეს არის უმაღლესი ორგანო და მას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ქალაქის მერიც და საზოგადოებაც. არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად ოპოზიციის აზრს ვიზიარებ თუ არა, მე არ მომოწონს ასეთი ჯიბრი. ოპოზიციამ კი არა, მოქალაქეებმა ქალაქის მერისგან საიდანღაც ხომ უნდა გავიგოთ პასუხი?!

"მე ვერ ხვდები, ეს რა დამოკიდებულებაა. მგონი თამაში ჰგონიათ უკვე სახელმწიფოს მართვა. იმ მილიონ ლართან დაკავშირებით პასუხები ხომ უნდა მიიღოს საზოგადოებამ და თუ ოპოზიციამ არ დაიბარა, აბა, ვინ უნდა დაიბაროს - მოქალაქეებმა?

"უნდა მივიდეს, გასცეს პასუხი და იყოს პირდაპირი ტრანსლაცია, რომ ჩვენც გავიგოთ, იქნება და სულაც მართალია."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ჩემი აზრით, მერი უნდა მივიდეს ამ სხდომაზე და გასცეს პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც არსებობს. საზოგადოებას თვისი პასუხებით უნდა დაანახოს, ეს კითხვები ტენდენციურია თუ არა, რითიც ეს აჟიოტაჟი ამოიწურება".

 

 

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  "ეს დაბარება და ვადის მიცემა არ მომწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, უნდა მივიდეს."

ჩაწერა სახელი