თამარ შუკვანი
(22.03.2020)

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სავარაუდოდ აღარ გაიმართება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) უკვე ამუშავებს ტოკიოს ოლიმპიადის გადადების სიმულაციურ სცენარებს, თავად ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში კი აცხადებენ, რომ განიხილება ზაფხულის ოლიმპიადის ერთი ან ორი წლით გადადების შესაძლებლობა. ამის შესახებ „როიტერი" წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, როგორც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა „რეზონანსს" უთხრა, მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სალიცენზიო ტურნირი გადადებულია და ამან უკვე შექმნა სერიოზული პრობლემები ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენთა შერჩევისა და გამოვლენის თვალსაზრისით.

„სალიცენზიო ტურნირები და კიდევ სხვა ღონისძიებები ვერ ჩატარდა. საუბარია მარტისა და აპრილის ღონისძიებებზე. გადადებული ყველა ღონისძიება, რომელიც ჩინეთშია.

„რაც შეეხება ტოკიოს, გადადებული არაფერია - ოლიმპიური ცეცხლი დანთებულია. აქ საუბარია სალიცენზიო ტურნირებზე. სპორტსმენმა ლიცენზია უნდა მოიპოვოს, რომ ოლიპმიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღოს.

„ამ ეტაპზე ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია და ველოდებით განკარგულებებს - სიტუაციის გამოსწორებას და შემდეგ ჩატარებას. აპრილის ჩათვლით, ალბათ ყველა საერთაშორისო ფედერაცია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩავთვალოთ, რომ მარტსა და აპრილში არანაირი ღონისძიება არ ჩატარდება," - აღნიშნა ხაბელოვმა.

ამის მიუხედავად, ოლიმპიური ცეცხლის დანთების ტრადიციული ცერემონია უკვე გაიმართა. თუმცა, როგორც „როიტერი" წერს, საერთაშოირსო ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამის სპეციალისტებს ოლიმპიადის გადადების შემთხვევაში მოსალოდნელი ფინანსური ზარალისა და სხვა სახეს ე.წ. გვერდითი ეფექტების გამოსავლენად, სხვადასხვა სიმულაციური სცენარების მომზადება სთხოვა.

„ჩვენ გვთხოვეს მოგვეხდინა სცენარების სიმულაცია ოლიმპიადის გადადების შემთხვევისთვის. უკვე შემუშავებული გვაქვს რამდენიმე ალტერნატიული სცენარი იმის მიხედვით, თუ რა ვადით შეიძლება გადაიდოს ოლიმპიადა", - განაცხადა „როიტერის" ერთ-ერთმა წყარომ.

მისივე ცნობით, განიხილება ალტერნატიული სცენარიც - ოლიმპიადის ჩატარება დათქმულ ვადებში, ოღონდ მაყურებლების გარეშე.

სააგენტოს მეორე წყარო კი, რომელიც უშუალოდ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტთანაა დაკავშირებული, აცხადებს, რომ თუ ოლიმპიადა გადაიდება, იგი ჩატარდება 2021 ან 2022 წელს.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა, უფრო სწორად კი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, 27 მარტსაა დანიშნული.

ყველაზე აქტიურად ოლიმპიადის გადადებას თავად იაპონიის მთავრობა ეწინააღმდეგება. როგორც ქვეყნის პრემიერმა სინძო აბემ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანა უკვე დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი დახარჯა ოლიმპიადის ორგანიზებაზე და გადადების შემთხვევაში, ეს ფული პრაქტიკულად წყალში აღმოჩნდება გადაყრილი, დამატებით კი იაპონია კიდევ 3 მილიარდ დოლარს დაკარგავს ოლიმპიადის სპონსორებთან კონტრაქტების გაუქმების გამო.

ცნობისათვის, დაახლოებით ერთი კვირის წინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ 2020 წელს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, კორონავირუსის პანდემიის გამო, მომავალი წლისთვის გადაიდო.

ჩაწერა სახელი