რეზონანსი
(03.12.2019)

  ვენის სასამართლომ პედოფილიის ბრალდებით გაასამართლა ყოფილი ავსტრიელი ძიუდოისტი და მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზაიზენბახერი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ყველა პუნქტში, თუმცა განაჩენი ძალაში ჯერ არ შესულა და მისი გასაჩივრება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

2016 წლის ბოლოს ვენის პროკურატურამ ის დაადანაშაულა 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ორი არასრულწლოვნის შეცდენაში. ამ დროს ის ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

2017 წელს ვენის რაიონულმა სისხლის სამართლის სასამართლომ ზაიზენბახერის დაპატიმრების ორდერი გასცა სასამართლო მოსმენაზე მისი არგამოცხადების გამო. ამის შემდეგ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. საბოლოოდ იგი 2019 წელს უკრაინაში დაიჭირეს და ავსტრიულ მხარეს გადასცეს

ზაიზენბახერი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია და პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო ოქროს მედლის მოპოვება - 1984 წელს ლოს ანჯელესში და 1988 წელს სეულში.

ზაიზენბახერი 2 წლის განმავლობაში - 2010-2012 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს.

ალექსანდრე კორტავა

 

ჩაწერა სახელი