რეზონანსი
(24.11.2019)


 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე 8 თვეა დარჩენილი, რუსეთი კი ახალ სკანდალში ეხვევა. 9 დეკემბერს, „მსოფლიო ანტი-სადოპინგო სააგენტომ" პარიზში უნდა განიხილოს უახლოესი წლების მასშტაბურ სპორტულ ტურნირებზე რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს ტოკიოს ოლიმპიადის გარდა პირველ რიგში გულისხმობს რუსების მოკვეთას ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიდან, რომლის საგზურიც რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა უკვე მოიპოვა.

საუბარია დოპინგ ტესტის შედეგებზე, რომელშიც გარკვეული „ანომალიები" აღმოჩნდა. ინგლისური „გარდიანის" ინფორმაციით, ლაბორატორიული შედეგები რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტო „რუსადას" მონაცემებში ნახეს.

აკრძალული პრეპარატების მიღებასთან დაკავშირებით, რუსების ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, დიდი შანსია, ეს ქვეყანა მოიხსნას მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებებიდან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთს, სპორტული ღონისძიებებიდან მოხსნასთან ერთად, ჩამოერთმევა ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის სტატუსიც 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. წინასწარ გაწერილია, რომ თამაშები სხვა ქალაქებთან ერთად სანკტ-პეტერბურგის სტადიონზეც უნდა ჩატარდეს.

როგორც „უნიანი" წერს, მიმდინარე მოვლენები 2016 წელს აღმოჩენილი დოპინგ-დარღვევის თემის გაგრძელებაა. იმ წელს, რიჩარდ მაკლარენის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთში დოპინგის მიღება სპორტის მრავალ სახეობაში, სახელმწიფო დაფინანსებით ხდებოდა.

„მსოფლიო ანტი-სადოპინგო სააგენტო" აცხადებს, რომ ის აქტიურად სწავლობს მიმდინარე პროცესებს.

დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით რუსეთს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და ჯერჯერობით არც საერთაშორისო ბრალმდებლებისთვის აქვს პასუხი.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში რუსმა სპორტსმენებმა საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა სწორედ დოპინგის სკანდალის გამო ვერ შეძლეს და ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ მოუხდათ ასპარეზობა.

ალექსანდრე კორტავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი