მარიამ ნებულიშვილი
(09.07.2020)

 ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 12 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები ნელ-ნელა ცდილობენ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა ამის ფონზე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ტემპი კვლავ მზარდია. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ Wall Street Journal-თან საუბრისას თქვა, რომ თუ მსოფლიო მასშტაბით პანდემიას არ გააკონტროლებენ, მაშინ, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შემოდგომა გაზაფხულის მსგავსი იქნება.

ფაუჩიმ ასევე აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ. მისი თქმით, თუ საზოგადოება ვირუსის პრევენციის შესაბამის ზომებს არ მიმართავს, „კოვიდ-19-ის" გავრცელება უკონტროლო გახდება.

„თუკი ამ მარტივ ზომებს მიიღებთ, გარანტიას გაძლევთ, გავრცელების მრუდი დაბლა დაიწევს", - თქვა ფაუჩიმ.

აშშ კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, 3 მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევით.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტის განკარგულება გასცა. მისი თქმით, პანდემიის პრევენციის პროცესში ორგანიზაციამ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის გამო „პასუხი უნდა აგოს".

მაისში ჯანმო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდენენ, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ გლობალური რეაგირების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდება. გამოძიების პროცესში ქვეყნებს უფლება აქვთ თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი შეაფასონ, რადგან ის არაერთხელ გამხდარა კრიტიკის მსხვერპლი. ჯანმო-ს კორონავირუსის გლობალური საფრთხის შესახებ გვიან გამოცხადებაში ადანაშაულებენ.

დღეს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზააციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გერბრეიესუსმა ონლაინსშეხვედრისას, რომელშიც ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყნის წამომადგენლები მონაწილეობდნენ, განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელიც შეაფასებს, თუ როგორ გაუმკლავდა ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიას და როგორი იყო მთავრობების ჩართულობა ამ პროცესში, რა რეაგირება მოახდინეს მათ.

მისი თქმით, დამოუკიდებელ კომისიას ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი უხელმძღვანელებენ და მის წევრებსაც შეარჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე