თამთა ჩაჩანიძე
(03.07.2020)

ახალი (სარს-კოვ-2) კორონავირუსი, რომელიც კოვიდ-19 ინფექციას იწვევს, მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა უფრო გადამდები გახდეს - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი სამედიცინო ჟურნალ „ჯამა"-სთან ინტერვიუში ცხადებს, რომელიც „იუთუბ" არხზე გამოქვეყნდა.

„ამის შესახებ სპეციალისტებს შორის კამათი მიმდინარეობს,თუმცა მე მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვთვლი, რომ გარკვეული მუტაცია არსებობს, რომელიც ვირუსის რეპლიკაციას აჩქარებს და სხეულში მის კონცენტრაციას ზრდის." - აცხადებს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი და დასძენს, რომ ამავე დროს მეცნიერებს ჯერ არ აქვთ დადასტურება იმისა, რომ მუტაცია ვირუსს უფრო საშიშს გახდის.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, რაც მისი თქმით, ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა „აშკარად სწორი მიმართულებით არ მოქმედებს".

შეერთებული შტატების მთავარმა ინფექციონისტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ივლისის ბოლოსთვის ამერიკული ფარმაცეპტული კომპანია „მოდერნა" კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზას დაიწყებს. მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში მეცნიერებს კვლევების შედეგად 2021 წლის დასაწყისისთვის უკვე ეცოდინებათ თუ ვაქცინა რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია.

ივნისიში ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის სიმპტომები დაუჯერებლად მრავალფეროვანია, მან აღნიშნა, რომ არასდროს უნახავს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა 20-დან 40%-ს სიმპტომები არ აღენიშნებოდეს. მისი აზრით, ესაა კორონავირუსთან დაკავშირებული ერთ-ერთი დამაბნეველი ფაქტორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში კოვიდ-19-ით ინფიცირების ვირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ფაუჩი ამ ფაქტს „BBC Radio 4"-ის ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი ზრდის გაკონტროლება არ მოხდება, შესაძლოა, ქვეყანა კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოჩნდეს.

„ჩვენ ძალიან ცუდი დარტყმა მივიღეთ, უარესი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, როგორც ინფიცირებულთა მაჩვენებლის კუთხით, ასევე გარდაცვალების შემთხვევებით. სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვართ, რომ აშშ-ში კიდევ უფრო დიდი ეპიდაფეთქება გვექნება", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე