თამთა ჩაჩანიძე
(14.05.2020)

ევროკომისიამ ტურიზმის აღდგენის ის პრინციპები შეიმუშავა, რითაც პანდემიის შემდეგ ზაფხულში ევროპამ უნდა იხელმძღვანელოს. შესაბამისი დოკუმენტი, კომისიამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

გეგმის მიხედვით , იმისათვის, რომ ტურისტებისათვის სეზონი გაიხსნას, სახელმწიფოებმა თანდათანობით და კოორდინირებულად უნდა დაიწყონ თავისუფალი გადაადგილება და შიდა სასაზღვრო კონტროლი მოხსნან, პირველ რიგში ეს ეხება ერთი და იმავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნებს.

გარდა ამისა, უსაფრთხოების ახალი პრინციპების გათვალისწინებით, აუცილებელია ქვეყნებმა სამგზავრო, საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო სატრანსპორტო მომსახურება განაახლონ, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების ფუნქციონირება, როგორებიცაა სასტუმროები და სხვა ტურისტული სარგებლობის ობიექტები, აგრეთვე პლაჟების, გამაჯანსაღებელი ცენტრების, რესტორნების, ბარებისა და კაფეების ფუნქციონირება.

სახელმძღვანელოს მიხედვით, ევროკომისია სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მოგზაურებისთვის სპეციალური პროგრამები შეიმუშაონ, რითაც კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკებს გააკონტროლებენ და ტურისტებს ამის შესახებ დროულად შეატყობინებენ.

ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს იმის შესახებ, რომ ქვეყნებმა სამგზავრო ვაუჩერის ყველაზე მიმზიდველი ალტერნატივა შექმნან, იმ შემთხვევაში თუ ტურისტი ვიზიტს გააუქმებს.

იქვე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი რეკომენდაციის ხასიათისაა და საბოლოო გადაწყვეტილებებს თავად ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები მიიღებენ. ამავდროულად კომისია ითვალისწინებს რიგ ღონისძიებებს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, მაგალითად ფინანსურს.

13 მაისს ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, ევროპაში ზაფხულის ტურისტული სეზონი შესაძლოა მაინც შედგეს, მანვე აღნიშნა, რომ ტურისტული საქმიანობის დონე 40%-ით დაეცა, მაგრამ მომდევნო თვეებში აუცილებლად აღდგება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებმა, პანდემიის გამო ევროპაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მარტის შუ რიცხვებში მიიღეს, აკრძალვა ერთი თვე გაგრძელდა, თუმცა შემდგომ ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ჩაწერა სახელი