ტატა შოშიაშვილი
(05.04.2020)

ჩეჩნეთში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო ნიღაბი არ უკეთიათ, პოლიცია პირდაპი ქუჩაში სცემს. პირველი ცნობები ამის შესახებ რუსულ მედიაში 29 მარტს გაჩნდა, თუმცა ადგილობრივმა მთავრობამ ყველაფერი უარყო. 4 აპრილს კი სოციალურ ქსელებში კონკრეტული ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ უსწორდებიან სამართალდამცავები პირდაპი ქუჩაში მამაკაცს, რომელსაც სამედიცინო ნიღაბი არ უკეთია.

აღნიშნული ვიდეო და შესაბამისი ფოტომასალა რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" იურისტმა აბუბაქარ იანგულბაევმა „ფეისბუკში" 4 აპრილს გამოაქვეყნა და განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტი ჩეჩნეთში მოხდა:

„მოცემულ ვიდეომასალაში შეგიძლიათ თვალი ადევნოთ იმას, თუ როგორ დააკავეს პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ადამიანი სამედიცინო ნიღბის გარეშე და მორიგეობით აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას იმის გამო, რომ მას სამედიცინო ნიღაბი არ ეკეთა", - დაწერა უფლებადამცველმა.

29 მარტს „ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთში სამართალდამცველებს პოლიპროპილენის მილები დაურიგდათ რომელთა გამოყენებითაც კანონდამრღვევი პირები უნდა დაესაჯათ. თუმცა, ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა ეს ცნობა გადაჭრით უარყო და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

მოგვიანებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები საკუთარ მოვალეობას კანონის დარღვევის გარეშე ასრულებენ.

აბუბაქარ იანგულბაევმა თავისი ვიდეომასალა გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში „ფეისბუქიდან" წაშა და განმარტა, რომ ეს თავად დაზარალებულის თხოვნით გააკეთა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ვიდეო „გოლოს დაგესტანას" ინსტაგრამ-გვერდზეც გახდა ხელისაწვდომი, იურისტის პოსტ ათასობით ადამიანი გამოეხმაურა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე საათში 170 ათასამდე ნახვა ჰქონდა და 2288 კომენტარი, რომელთა ძირითადი ნაწილი სამართალდამცველთა ქმედების კრიტიკისკენ იყო მიმართული.

ჩაწერა სახელი