თამთა ჩაჩანიძე
(03.04.2020)

მაშინაც კი, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, კრემლი პროპაგანდას არ იშლის. დიდი აჟიოტაჟი ატეხეს კრემლის მედია საშუალებებმა იმასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთმა კრიზისში მყოფ ამერიკას ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს მარტივი ტყუილი იყო და სინამდვილეში ამ ტვირთის სანაცვლოდ, რომელიც ამერიკაში მართლაც ჩაიტანეს, რუსეთმა შესაბამისი თანხა მიიღო.

რუსულმა თვითმფრინავმა ამერიკაში 60 ტონა მოცულობის სავენტილაციო აპარატები, რესპირატორები და სხვა სამედიცინო საშუალებები ჩაიტანა. ანუ, ის პროდუქცია, რაზეც მოთხოვნა კატასტროფულად არის გაზრდილი ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, რომელთაც პანდემიამ სასტიკად შეუტია, მათ შორის აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამას მალავს, მძიმეა ვითარება თავად რუსეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა განუხრელად იზრდება და ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიაზე, სწორედ იმ სამედიცინო მასალის მწვავე დეფიციტია, რაც პუტინმა პროპაგანდის მიზნით ამერიკას გაუგზავნა.

ეს იმას ჰგავს, როგორ აგზავნიდა ახალგაზრდა საბჭოთა კავშირი უცხოეთში ათასობით ტონა ხორბალს ექსპოირტზე მაშინ, როცა მის ტერიტორიაზე, უკრაინასა და ვოლგისპირეთში სასტიკი შიმშილი მძვინვარებდა, რასაც უკრაინაში „გოლოდომორი" უწოდეს. ამ შიმშილობამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შიეწირა.

ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით,პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დახმარება 30 მარტს შესთავაზა, როდესაც ქვეყნების ლიდერებმა კოვიდ-19-თან ბრძოლის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.

„ტრამპმა მადლიერებით მიიღო ეს ჰუმანიტარული ხასიათის დახმარება," -განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი პუტინი ურთიერთდახმარების იმედს გამოთქვამს.

შეერთებული შტატები კი აცხადებს, რომ რუსეთისგან ეს ტვირთი შეიძინა - ამის შესახებ განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა მორგან ორტეგუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„შეერთებული შტატები შეთანხმდა, რომ რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა, მათ შორისაა სუნთქვის აპარატები დ ინდივიდუალური დამცავი საშულებები, რომლებიც 1 პრილს ნიუ იორკში იქნა ჩატანილი" -წერს დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი.

რუსეთიდან შეძენილი სამედიცინო საშუალებები კი აშშ-ის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს გადაეცა.

რუსულმა მედიამ თვითმფრინავიდან სამედიცინო დახმარების ყუთების ჩამოტვირთვის კადრები გაავრცელა.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კი განაცხადა, რომ რუსეთიდან „დიდი თვითმფრინავით" გაგზავნილი სამედიცინო აღჭურვილობა ძალიან სასიამოვნო იყო.

„საერთოდ არ მაინტერესებს რუსული პროპაგანდა, სულ ცოტათიც კი. მან (პუტინმა) დიდი რაოდენობის, მაღალხარისხიანი საქონელი შემომთავაზა, რასაც დავეთანხმე. ეს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს...

„ბევრ ქვეყანასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩინეთმა გამოგვიგზავნა ნივთები, რაც შესანიშნავი იყო. რუსეთმა გამოგვიგზავნა რაღაცები, სამედიცინო აღჭურვილობა დიდი თვითმფრინავით, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. სხვა ქვეყნებმა გამოგვიგზავნეს საგნები, რითაც ძალიან გაკვირვებული ვიყავი, ძალიან სასიამოვნოდ გაკვირვებული. ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ. ჩვენ ასევე ვიგებთ, რომ საზღვრების ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვრების არსებობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 მარტს პრეზიდენტებს შორის კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა.

ვირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია არანაკლებ რთულია რუსეთშიც, კრემლი ირწმუნება, რომ ეს აშშ-სთვის მათი მხრიდან ჰუმანიტარული დახმარება იყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი აცხადებს, რომ ეს ტვირთი შეძენილია.

ჩაწერა სახელი