რეზონანსი
(24.03.2020)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათს მოსკოვის მახლობლად სოფელ კომუნარკაში მდებარე საავადმყოფოს სტუმრობდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ აცმევენ ექიმები ქვეყნის პირველ პირს ყვითელი ფერის დამცავ კოსტუმს.

შესაბამისი კადრები „ტელეგრამის არხმა „პული #3" გაავრცელა. ჩანაწერში ასევე ისმის პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ხმაც, რომელიც საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს თავის სმარტფონს აძლევს და სთხოვს პრეზიდენტის ჩაცმის პროცესის გადაიღოს, ჩანაწერი მას გაუგზავნოს და შემდეგ სმარტფონი გაანადგუროს.

„ტელეგრამით" გამომიგზავნეთ. იქ მხოლოდ ერთი კონტაქტია - „დიმა". ტელეფონი კი თქვენთან დაიტოვეთ და შემდეგ გაანადგურეთ" - აძლევს პესკოვი ინსტრუქციას ერთ-ერთ ექიმს.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთი უცნაური ინსტრუქცია იმით ახსნა, რომ დრო არ ჰქონდა ტელეფონის დეზინფექციას დალოდებოდა და პრეზიდენტის რისკის ქვეშ დაყენება კი დაუშვებელი იყო.

24 მარტის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 495 შემთხვევაა დაფიქსირებული. თუმცა, თავად რუსული მედიასაშუელებების ნაწილის ცნობით, ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და ეპიდემიის მასშტაბები გაცილებით დიდია.

ამასთან, მოსკოვში 65 წელს გადაცილებული და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები იძულებით თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს აკრძალვა არც ისე ეფექტური გამოდგა - 25 მარტს სახელმწიფო დუმა რიგგარეში სხდომის გამართვაა დაგეგმილი, სადაც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განიხილება. პროექტის თანახმად, თვითიზოლაციის პირობების დარღვევისა და კარანტინისგან თავის არიდებისათვის 7 წლამდე პატიმრობის შემოღება იგეგმება.

ჩაწერა სახელი