თამთა ჩაჩანიძე
(24.03.2020)

6500 ახალი ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში - კორონავირუსის პანდემიის პირობებში ეს ახალი ანტირეკორდი 24 მარტს ესპანეთში დაფიქსირდა. სპეციალისტთა შეფასებით, ევროპაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრმა იტალიიდან ესპანეთში გადაინაცვლა.

ესპანეთის ხელისუფლებამ,ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 18%-ის ასაკი 65 წელზე ზემოთაა, 14 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც მინიმუმ 11 აპრილამდე გაგრძელდება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული, მოქალაქეებს საცხოვრებლის დატოვების უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ეძლევათ. ეპიდემიის ეპიცენტრი კი დედაქალაქი მადრიდი რჩება, სადაც დიდია ალბათობა, რომ მცხოვრებლების 80% დაინფიცირდეს - ამის შესხებ მადრიდის ავტონომიური მთავრობის მეთაურმა ისაბელ დიას აიუსომ განაცხდა.

მადრიდის საავადმყოფოებში საწოლები აღარ ჰყოფნით და ავადმყოფები პირდაპირ დერეფანში იატაკზე წვანან. მადრიდის ყინულის სასახლე გიგანტურ მორგად გადააკეთეს. აქ მასობრივად მოჰყავთ კორონავირუსისგან გარდაცვლილები და პირდაპირ ყინულის მოედანზე ინახავენ, სანამ ცხედრებს სარიტუალო სამსახურების წარმომადგენლები არ მოაკითხავენ.

ექიმებს უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება უწევთ - კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შორის ისინი პირველ რიგში იმათ მკურნალობენ, ვინც შედარებით ახალგაზრდაა და თანმდევი ქრონიკული დაავადებებ არ აქვს. უფრო მეტიც, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური რეკომენდაცია გასცა, რომ არ გამოიყენონ ფიტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები ხანდაზმული ავადმყოფების მკურნალობისას, რადგანაც მათი გადარჩენის შანსები მინიმალურია.

21 მარტს კი ესპანელ მეცნიერთა ჯგუფმა საგანგებო წერილით მიმართა მთავრობას და მოქალაქეთა ტოტალური იზოლაცია და გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესება მოითხოვა. წერილში, რომელსაც 69 ეპიდემიოლოგი, მოლეკულარული ბიოლოგი და სხვა დარგების სპეციალისტები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ ესპანეტში ჯანდაცვის სისტემა უკვე ზღვარზეა და 25 მარტიდან შესაძლოა მისი ჩამოშლა დაიწყოს.

24 მარტის მონაცემებით, ესპანეტში კორონავირუსი დაუდგინდა 39 673 ადამიანს და მათგან 2 696 გარდაიცვალა.

ჩაწერა სახელი