ია აბულაშვილი
(22.03.2020)

ინგუშური ტეიპების - საგვარეულოების უხუცესებმა კოლექტიური ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ისინი ბოიკოტს უცხადებენ რუსეთის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 22 აპრილს დაგეგმილ საერთოეროვნულ კენჭისყრას და აცხადებენ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ წერს, აუშევების, ოზდოევების, გაგევებისა და შაუხალოვების ტეიპების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ინგუშების ყველაზე დიდ გულისწყრომას ორი საკონსტიტუციო ცვლილება იწვევს - ჩანაწერი კონსტიტუციაში რუსი ერის, როგორც „სახელმწიფოწარმომქნელი ერის“, შესახებ და მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადის „განულება“, რაც მას რუსეთის პრეზიდენტად 2036 წლამდე დარჩენის უფლებას აძლევს.

უხუცესები აცხადებენ, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ 22 აპრილის კენჭისყრაში მონაწილეობა და მით უმეტეს, ცვლილების მხარდაჭერა იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება დევნის ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვრის შეცვლის მოწინააღმდეგეებს, რის შედეგადაც ინგუშეთმა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარდა და აფერხებს „რეპრესიული ხალხების შესახებ“ კანონის აღსრულებას, რომელიც ინგუშებს თავიანთ ისტორიულ მიწაზე - ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში შემავალ პრიგოროდნის რაიონში დაბრუნების უფლებას აძლევს.

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამას მოსკოვიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება, რადგანაც კრუმლში ინგუშები არც ისეთ მნიშვნელოვან ძალად მიაჩნიათ, რომ ანგარიში გაუწიონ.

„ინგუშეთი იმდენად პატარა რესპუბლიკაა, რომ ცენტრში დიდ ანგარიშს არ უწევენ. ასე იყო ყოველთვის და ეს განსაკუთრებთი გამოჩნდა მაშინ, როდესაც კადიროვმა ტერიტორიები ჩამოაჭრა ინგუშეთს. ასე რომ, უხუცესთა ამ წერილს დიდი რეზონანსი არ მოჰყვება და არც არაფერი მოხდება. საკონსტიტუცო ცვლილება რუსეთში უკვე მომზადებულია იდეოლოგიურად და ხალხის ერთი ნაწილის პროტესტი საერთო განწყობაზე არ იმოქმედებს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ მამუკა არეშიძემ.

 „ინგუშეთში ისეთი პროტესტი იყო მაშინ, როდესაც კადიროვმა მიწები ჩამოაჭრა, მთელი ხალხი ქუჩაში იყო გამოსული, მაგრამ შედეგი ვნახეთ. ამიტომ არ მგონია, რომ იმაზე დიდი პროტესტი ახლა გამოითქვას.

„ამ თემაზე - რომ პუტინმა კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტად, პროტესტი მხოლოდ ინგუშეთში კი არ არის, რუსეთის სხვადასხვა ქალაქშიც გამოთქვამენ, ჟურნალისტებიც წერენ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება არც კი იმჩნევს. ასეთი სტილი აქვს აღებული - რადგან ახლა „დემოკრატიაა“, იტყვის, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, უმრავლესობამ ამ ცვლილებას მხარი დაუჭირაო. თანაც პუტინს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს და აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს,“ - აღნიშნა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.

ჩაწერა სახელი