„უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი“ - იქნება თუ არა შემდეგი საქართველო?
თამარ შუკვანი
(05.11.2019)

 ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ნატო-ში მიღებაზე საუბრობს; მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მისაღებთა რიგებში უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება, თუმცა, ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ როდის მოხდება, გაუგებარია. თანაც უცნობია, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ორი ქვეყნის ალიანსში მიღებაზე რამდენად იქნებიან თანახმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამის პერსპექტივა უახლოეს პერიოდში არ ჩანს. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევარი ბიძინა ლებანიძე კი ამბობს, რომ ნატო-ს რამდენიმე წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნების მიღებას კვლავ ეწინააღმდეგება.

„როგორც უკრაინაზე, ასევე საქართველოზეც არის შეთანხმება, ორივე ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა, საქმე ისაა, თუ როდის მოხდება ეს? - ჯერჯერობით არავინ იცის. არც უკრაინასთან მიმართ არის ჩამოყალიბებული, რომ ხვალ თუ ზეგ უკრაინა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს - ეს ასე არ იქნება. ჩვენ, ფაქტობრივად, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ და მგონია, რომ თუ გაწევრიანებაზე იქნება საუბარი, ორივე ქვეყნის, ერთსა და იმავე დროს იქნება და არა ცალ-ცალკე," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ცნობით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ამის შესახებ ინფორმაცია „რია ნოვოსტიმ" გაავრცელა;

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო," -განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1"-თან ინტერვიუში.

მან ასევე დასძინა, რომ ორგანიზაცია დაეხმარება კიევს გააძლიეროს რეფორმები, რომ ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.

ცნობისათვის, ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მკვლევარი ბიძინა ლებანიძე აცხადებს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ალიანსის წევრი ქვეყნები იღებენ და ისეთი წამყვანი სახელმწიფოები, როგორიც გერმანია და საფრანგეთი არიან, ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან.

„სამწუხაროდ მსგავსი გადაწყვეტილებები ნატოს გენერალური მდივნის ნებაზე არ არის დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვავაში თავის დროზე ანდერს ფოგ რასმუსენიც უჭერდა მხარს საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას.

"ნატოს გენერალური მდივანი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფიგურაა, გადაწყვეტილებას კი ნატოს წევრი ქვეყნები იღებენ. ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა, გერმანია და საფრანგეთი კვლავ წინააღმდეგი არიან, ისევე როგორც სხვა შედარებით პატარა ქვეყნები, და აშშ-ს ადმინისტრაციასაც უფრო თავშეკავებული პოზიცია აქვს, ვიდრე ვთქვათ ჯ.ბუშის დროს ჰქონდათ.

„თუმცა, მეორეს მხრივ, თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდა, ეს საქართველოს შანსებს ერთი ორად გაზრდის, ვინაიდან პრინციპული განსხვავება საქართველოს და უკრაინას შორის არ არსებობს, ალბათ, გარდა იმისა რომ უკრაინა სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, თუნდაც მისი ტერიტორიული სიდიდის და მოსახლეობის რაოდენობის გამო.

"მაგრამ მთავარი არგუმენტი მაინც, რის გამოც არ იღებენ საქართველოს, არის ოკუპირებული ზონები და კონფლიქტი რუსეთთან, და ამ მხრივ უკრაინაც იგივე დღეშია. ასე რომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინა გაწევრიანდეს და საქართველო ბორტს მიღმა დარჩეს," - აღნიშნა ლებანიძემ.

კონკრეტულად როდის შეიძლება მოხდეს, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიღება ალიანსში? - ვახტანგ ძაბირაძე ამის პერსპექტივას უახლოეს პერიოდში ვერ ხედავს. ანალიტიკოსი იმ ფაქტორებზე საუბრობს, თუ რაზეა დამოკიდებული პროცესის დაჩქარება.

„ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე, რუსეთის ფაქტორსა და აშშ-სა და დასავლეთის ურთიერთობაზე. ეს არ არის ერთუცნობიანი ან ერთგანზომილებიანი პრობლემა; აქ არის საერთოდ კომპლექსური პრობლემა, სადაც არა მარტო პოლიტიკური და სამხედრო პოლიტიკური შედის, არამედ ეკონომიკური ნაწილიც. ბევრი ფაქტორი მუშაობს და რამდენად იქნება ეს ფაქტორები ერთმანეთთან თანხვედრაში, ამაზე იქნება ეს დამოკიდებული.

„არამგონია (ნატო) მზად იყოს იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგას, საქართველოსა და უკრაინას, ან მხოლოდ უკრაინას შესთავაზოს ნატო-ში გაწევრიანება და ამაზე თანხმობა მიიღოს, - ეს ასე არ იქნება. ამიტომ, გარკვეული დროა საჭირო და გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც მსოფლიოში უნდა მომწიფდეს იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას. ვერ ვხედავ ასეთ რეალობას უახლოეს მომავალში, თუმცა, არც ძალიან შორეულ პერსპექტივა არსებობს," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ჩაწერა სახელი