„ევროპა უკრაინას აიძულებს, რომ მისთვის წამგებიან პირობებზე, დონბასში ძალთა დაშორიშორების პროცესს დასთანხმდეს”
თამთა ჩაჩანიძე
(05.11.2019)

 „რუსეთი უკრაინას პრაქტიკულად გაზის გარეშე ტოვებს", „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლა, უკრაინის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება"- ასე აფასებენ „რეზონანსთან" ექსპერტები, დანიის ხელისუფლების თანხმობას „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ნავთობსადენის ქვეყნის ტერიტორიაზე გაყვანაზე.

დანიის ხელისუფლება დიდი ყოყმანის შემდეგ,რუსეთს „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ტერიტორიაზე გაზსადენების გაყვანას დასთანხმდა, პროექტი დანიის ენერგეტიკის სამინისტრომ დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-მა ბალტიის ზღვაში არსებული „ჩრდილოეთის ნაკადის" პარალელურად უნდა გაიაროს და ევროპაში რუსული გაზი ჩაიტანოს.

აღნიშნულ პროექტს ევროპული და რუსული კომპანიები ახორციელებენ, დანიამდე გაზსადენის გაყვანაზე ნებართვა გერმანიამ ფინეთმა და შვედეთმა გასცა, „ჩრდილოეთ ნაკად 2"-ის მშენებლობას აშშ და ევროპის რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება, ისინი თვლიან, რომ აღნიშნული პროექტით ევროპას რუსეთის მიმართ ენერგოდამოკიდებულს გახდის, რაც ქვეყნებისთვის სახიფათოა.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ჩრდილოეთ ნაკად-2"-ის პროექტზე დანიის თანხმობა ლოგიკური იყო, რადგან ევროპა და აშშ უკრაინაში „შტაინმაიაერის ფორმულის" აქტიური მხარდამჭერები არიან.

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, ევროპის თანამედროვე პოლიტიკური ელიტის ნაწილის კაპიტულანტური დამოკიდებულების რუსეთის მიმართ, დანიის თანხმობა სრულიად ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც ევროპა და ამერიკა უკრაინაში „შტაინმაიაერის ფორმულას" მხარს აქტიურად უჭერს.

„ევროპა უკრაინას ფაქტობრივად აიძულებს, რომ უკრაინისთვის წამგებიან პირობებზე, დონბასში ძალთა დაშორიშორების პროცესს დასთანხმდეს, "შტაინმაიერის ფორმულა" რეალურად ყულფია უკრაინის დამოუკიდებლობის კისერზე, ასეთ პირობებში არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეკონომიკური თვალსაზრსითაც უკრაინისთვის მსგავსი წამგებიანი პირობები მიიღოს ევროპამ რუსეთისგან.

„ამ შემთხვევაში ევროპა მიიჩნევს, რომ მათთვის რუსეთისგან ეკონომიკური სარგებელი პრაგმატულად უფრო მომგებიანია, ვიდრე უკრაინის ინტერესების გათვალისწინება.

„ჩემი აზრით, ეს ფაქტი დასავლეთისთვის მოკლევადიან მოგებაზე ორიენტირებულია და თანამედროვე ევროპული პოლიტიკის ახლომხედველობას უსვამს ხაზს, იმიტომ, რომ ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის კონტროლქვეშ აღებით დაკმაყოფილდება, შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის შუაგული და ნატოს წევრი ქვეყნები იქნებიანო" - აცხადებს იგი.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ რუსეთისა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, უკრაინა მსხვერპლშეწირვის ობიექტი გახდა.

„სამწუხაროდ დღეს, უკრაინა რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთბაში, საჯილდაო ქვა და ერთგვარი მსხვერპლშეწირვის ობიექტი გახდა.

„ენერგომოცულობის თვალსაზრისით უკრაინა უფრო ღირებული და შეუდარებლად მეტია, ვიდრე საქართველოზე გამავალი ნავთობ თუ გაზსადენები.

„საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, გახდება თუ არა მსხვერპლშეწირვის საგანი ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს ურთიერთობს შორის, ამაზე ცალსახა პასუხი საბედნიეროდ ჯერ არაა, ცხადია, რომ საქართველოს მიმართ დასავლური, ევროპული და ამერიკული პოლიტიკა ნაკლებად აქტიურია.

„ცხადია, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლა უკრაინის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება, გერმანია მთავარი ლობისტია ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის და ტრამპი რამდენჯერმე ღიად უთითებდა ანგელა მერკელს, რომ ის ამ ნაბიჯით აძლიერებდა რუსეთს და ანგრევდა უკრაინისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებას.

„ამერიკამ ტრამპის გადაწყვეტილებით უკრაინას 400 მილიონიანი დახმარება შეუჩერა, ეს არის თემა, რომელსაც კონგრესმენები ტრამპის იმპიჩენტს ერთ-ერთ საფუძვლად უდებენ, აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ უკრაინა პოლიტიკური, ეკონომიკური, ან სამხედრო თვალსაზრისით მისი სტრატეგიული პარტნიორებისგან მომგებიან პოზიციაზეა" - განაცხადა ლაგაზიძემ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის გაზსადენი, უკრაინის გვერდის ავლით გაიყვანა, რაც მისი თქმით უკრაინის ეკონომიკის ე.წ. მოგუდვაზეა ორიენტირებული.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ, ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, რასაც ჩვენ ბოლომდე ყურადღება არ მივაქციეთ, რუსეთმა დანიასთან მიაღწია „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წარმოებას, პრაქტიკულად რუსეთმა უკრაინის გვერდის ავლით, ორი გაზსადენის მილის გაკეთება მოახერხა - ესენია „ჩრდილოეთ ნაკადი 2" და „სამხრეთ ნაკადი", რომელიც თურქეთზე გადის.

„რუსეთი უკრაინას პრაქტიკულად გაზის გარეშე ტოვებს, რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს იმისათვის, რომ უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს და როდესაც რუსეთი უკრაინის მიმართ ასეთ ეკონომიკურ მოგუდვაზე მიდის, ეჭვი მეპარება, რომ ის დონბასის მიმართულებით ისე მოიქცეს, როგორც მისგან ელოდებიან" - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ჩაწერა სახელი
... (05.11.2019)
ბებერი ევროპა, უფრო დაბერდა!!!