თამთა ჩაჩანიძე
(04.11.2019)

 უკრაინის ხელსუფლებამ დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დაასრულა, შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნული რეგიონი დღეს უკვე ფაქტიურად დემილიტირიზებული ზონაა, თუმცა, რუსეთის ვალდებულებების ჩვეული შეუსრულებლობის პირობებში, შესაძლოა უკრაინამ სხვა ქვეყნების მსგავსად, მოსკოვის ხაფანგში ამოყოს თავი.

უკრაინის ხელისუფლებამ სოფელ ზოლოტოეში ძალების დაშორიშორების პროცესის დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა. ძალების გაყვანას კი მინსკის შეთანხმებები ითვალისწინებს, ეს პროცესი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დონბასში კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული ნაბიჯები მოუწონა და რუსეთს მინსკის შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.

ლუგანსკის ოლქიდან დაპირისპირებული ძალების გაყვანას გერმანიის მთავრობაც მიესალმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ძალთა დაშორიშორების პროცესს მიესალმება, თუმცა, მისი თქმით, პროცესი იმაზეა დამოკიდებული, თუ რუსეთი როგორ მოიქცევა.

„თუ ყველაფერი კარგად წავიდა და რუსეთი ვერაგულად არ მოიქცა ისე, როგორც იქცევა ხოლმე, მაშინ ეს ძალიან კარგი პროცესია, მე თავისთავად პროცესის მიმართ უნდობლობა არ მაქვს, პირიქით მიხარია, მაგრამ მე რუსეთს არ ვენდობი.

„საქართველოს კონფლიქტებში კარგად გამოჩნდა, რომ რუსეთი როგორც წესი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს ხოლმე, იგი უკრაინის ძალთა დაშორიშორების პროცესსაც ხელს არ შეუწყობს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, როცა უკვე უკრაინა-რუსეთის საზღვარზე უკრაინელი მესაზღვრეები უნდა განლაგდნენ, რაც ახლა არ ხდება.

„მოგეხსენებათ, უკრაინის რეგიონში საზღვრის გადალახვა იოლია იმიტომ, რომ იქ, როგორც ჩვენთან, კავკასიონის ქედი არაა, შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი უკრაინის საკუთარი საზღვრის დაცვის აღდგენის ლეგიტიმაციას ხელს შეუწყობს.

„ეს სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, თუ სხვა ეტაპებიც გაგრძელდება, ძალთა დაშორიშორების დასრულებით პროცესი ჯერ არ დასრულებულა, პირიქით, პროცესი ახლა დაიწყო, სხვა ნაბიჯებიც გადასადგმელია, პირველ რიგში საზღვრების დაცვა, შემდეგ არჩევნების ჩატარება და ამ არჩევნების ეუთოს მიერ აღიარება, ამ ყველა ნაბიჯში რუსეთი როგორ მოიქცევა, მთავარი ესაა.

„არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ რუსეთი ყველაფერში ისე მოიქცევა, როგორც უკრაინა და ნორმანდის ოთხეული მინსკის შეთანხმებიდან გამომდინარე ელოდება.

„დარწმუნებული ვარ რომ რუსეთი უკრაინის ვითარებას სათავისოდ გამოიყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, ძალიან სერიოზული, სხვა მიმართულებით ნაბიჯი გადადგა, რასაც ჩვენ ბოლომდე ყურადღება არ მივაქციეთ, რუსეთმა დანიასთან მიაღწია „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წარმოებას, პრაქტიკულად რუსეთმა უკრაინის გვერდის ავლით, ორი გაზსადენის მილის გაკეთება მოახერხა - ესენია „ჩრდილოეთ ნაკადი 2" და „სამხრეთ ნაკადი", რომელიც თურქეთზე გადის.

„რუსეთი უკრაინას პრაქტიკულად გაზის გარეშე ტოვებს, რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს იმისათვის, რომ უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს და როდესაც რუსეთი უკრაინის მიმართ ასეთ ეკონომიკურ მოგუდვაზე მიდის, ეჭვი მეპარება, რომ ის დონბასის მიმართულებით ისე მოიქცეს, როგორც მისგან ელოდებიან" - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, სამხედრო ძალების დაშორება 2008 წელს უკვე მოხდა.

„ჩვენთან ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობით უკვე გავლილია, რუსეთმა საქართველო დააზიანა, დააინვალიდა და ახლა უკრაინაზე გადავიდა, ძალთა დაშორიშორება საქართველოში 2008 წელს მოხდა და შედეგად ოკუპაცია და ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების აღიარება მივიღეთ, რატომღაც ვერ მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოში თავისი საქმე უკვე გააკეთა და სამწუხაროდ ვხედავ, რომ საქართველო კი არ გაიზიარებს უკრაინის ბედს, არამედ უკრაინა გაიზიარებს ჩვენს ბედს.

„რუსეთს ჩვენგან რაც უნდოდა, უკვე მიიღო, ის ჩვენს ორ ტერიტორიას აკონტროლებს, ხელს უშლის საქართველოს განვითარებასა და ნატოში გაწევრიანებას და პლიუს ამას ყოველდღიურად მცოცავ ოკუპაციას ახორციელებს, მან ჩვენთან უკვე მოახდინა ოკუპაცია და ახლა მას ასე ვთქვათ „ფუთავს".

"საქართველოში პირველი მცდელობა იყო, ახლა ჯერი უკრაინაზეა, შესაძლოა უკვე სხვა ქვეყნებშიც მოახერხოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოახერხოს, ან ბელორუსიაში ან ყაზახეთში.

"უკრაინის ოკუპირებული რეგიონებში ძალთა დაშორიშორებით რუსეთმა თავის ზონად უკვე აქცია ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ის, რაც საბოლოო ჯამში დონბასის ტერიტორიაზე უკრაინის იურისდიქციას აღადგენს. გამიხარდება, თუ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ რუსეთი უკრაინაში დონბასის მიგრაციას ხელს არ შეუწყობ პირიქით ამ აგონიას კიდევ უფრო გააგრძელებს და რეალურად არაფერი არ შეიცვლება" - განაცხადა ზაქარეშილმა.

უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესს კიევში აქციები მოჰყვა. მომიტინგეები ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებდნენ, რომ პროცესი დაუყოვნებლივ შეეჩერებინა. დემონსტრანტები ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ბოიკოტს უცხადებდნენ.

26 ოქტომბერს დონბასის რეგიონში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზოლოტოეში და პეტროვსკოეში ჩავიდა, სადაც მოხალისეებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან მოხალისეებს შეიარაღების გაყვანისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც მოხალისეებთან კამათიც მოუვიდა, მოხალისეებმა ზელენსკის აფხაზეთის მაგალითი შეახსენეს და განაცხადეს, რომ „საქართველომ მაშინ ჯარები გაიყვანა და რუსეთი მოტყუებით შეიჭრა სოხუმში".

დონბასში სამხედრო ძალების დაშორებას ე.წ. შტაინმეიერის ფორმულა ითვალისწინებს, შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ რაც რეგიონში ცეცხლი შეწყდება რეგიონი დროებით განსაკუთრებულ სტატუსს მიიღებს და შემდეგ არჩევნები ჩატარდება, ამ არჩევნების ეუთოს აღიარების შემთხვევაში კი რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი შეუნარჩუნდება.

 

 

ჩაწერა სახელი